"თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ეკონომიკურ პრობლემებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური პრობლემების სხვა სამ მიზეზს ასახელებს.
პეტრიაშვილი ამავე "პოსტში" კიდევ ერთ ინფორმაციას ახმაურებს. მისი განცხადებით, ბიზნესმენს ინვესტირებისთვის უჩა მამაცაშვილის დახმარებით, ივანიშვილთან დაკავშირება სჭირდება.
"ჩემო დავით! არ ხარ მართალი! ჩემი გულწრფელი, ღრმა და ყოვლისმომცველი პატივისცემის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარეს ვერ დავეთანხმები: მის მიერ გახმიანებული საფრთხეები რეალური პრობლემების პირველ სამეულშიც კი ვერ ხვდება, რომელიც ჩემი აზრით ასე გამოიყურება:
1. არაფორმალური მმართველობა - მინისტრთა კაბინეტის სიტყვას აღარც ადგილობრივი და აღარც საერთაშორისო ბიზნესი სერიოზულად არ აღიქვამს, იმიტომ რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს, გადაწყვეტილება თუ გინდა ინვესტიციაზე, უჩა მამაცაშვილთან უნდა იპოვო გზა, რომელიც გაგიყვანს არაფორმალურ მმართველ ივანიშვილზე! ოღონდ რამდენ ხანში, რა პირობებით, ეს ცალკე მოლაპარაკების საგანია!
2. არაკომპეტენტურობა - დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან უნდა იყოს გადანაწილებული მთელი ეკონომიკური ბლოკი დე იურე პრემიერის ხელმძღვანელობით აზიაში, ევროპაში, ამერიკაში და ახალი პროექტების პრეზენტაციით, საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციით იყოს დაკავებული, მაგრამ ერთი კაცის გარდა მაგის გამკეთებელი ვერცერთი ვერაა, მარტო კაცი კიდე ჭამაშიაც ცოდვააო!
3. ჭორების წყარო მთავრობის უპასუხისმგებლობაა ხალხის და ინსტიტუტების წინაშე! იანვარში ფიქტიური პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, დეფაქტოს მესიჯში რომ ისხდნენ და რომ აცხადებდნენ, კარგად არის ყველაფერი და 5 პროცენტიან ზრდას ჰადაჰა 0,2-0.3 დააკლდეს, მარა 4-ზე მეტი უეჭველიაო, დღეს რომ შიშისგან ვერც ბედავენ რეალური მაჩვენებლების მიხედვით სეკვესტრის რეალური მოცულობის განსაზღვრას და დროულად პარლამენტში შემოტანას, ეს ჭორაობის ბრალია თუ უპასუხისმგებლობის?
და გინდათ რეალობა ბატონო დავით? მოსალოცად იქნება საქმე, თუ ნულს არ ჩაცდა ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი, დიახ ვარდნის! თუ მაგასაც ჩემს სტატუსს დააბრალებს ვინმე, მზად ვარ კიმ ჟონ ინ ის ყველაზე ჰუმანური სასამართლოს წინაშეც კი წარვსდგე, მაგრამ ამასობაში ხალხი კითხულობს: მე რა ვქნა მეო? ეს არის მწვავე რეალობა და გავუსწოროთ ყველამ თვალი! შეცვალეთ ეს მთავრობა და ვინც მოვა ახალი, იმას აცალეთ, ან მოდით და აიღეთ პასუხისმგებლობა, ბატონო ბიძინა! გეუბნებოდით არ წახვიდეთ თქო! არ დაუჯერეთ არავის და აგერ შედეგიც!", - წერს პეტრიაშვილი.