„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
-ბატონო რამაზ, “ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს ფართომასშტაბიან აქციას აწყობს. ის ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში, ლარის გაუფასურებასა და ზოგადუუნარობაში ადანაშაულებს და, აქედან გამომდინარე, მის გადადგომას მოითხოვს. თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება ამ აქციას?
-საინტერესოა “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები, რის გამოც, ერთი შეხედვით, ეს აქცია იმართება. ადგილობრივი ვალუტა ბევრგან გაუფასურდა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ასეთი რადიკალური პოზიცია იმათ ოპოზიციას არ ჰქონია. ერთ-ერთმა უცხოელმა ექსპერტმა გვითხრა, ლარის გაუფასურება არ არის თქვენი მთავრობის შეცდომაო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა“ მაინც მის გადადგომას მოითხოვს!
ჩემი აზრით, მისი მიზანი სხვაა -“ ნაციონალებმა“ იციან, რომ ისინი ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ იმ მოვლენებზე ზემოქმედება სურთ, რომლებიც საქართველოში უნდა განვითარდეს. კერძოდ, მათ ეშინიათ, რომ მალე დაიწყება სამართლიანობის აღდგენა და ბევრი მათგანი მოხვდება ციხეში. ამ აქციით კი იმისთვის ემზადებიან, რომ შემდეგ თქვან, ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების გადადგომა, მან კი დაგვიჭირაო.
-თქვენი აზრი, დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს “ნაციონალურ მოძრაობას“, კონკრეტულად ამ აქციას?
-სურვულიც რომ ჰქონდეს, ხალხს გაუჭირდება ქუჩაში გამოსვლა, რადგან ლიდერი არ ჰყავს. ასეთი ლიდერი კი “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება! სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც გამოჰყავდა პროტესტს ხალხი ქუჩაში, მაგრამ, რომ არ გამოჩენილიყო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, მის მთავრობას ასეთი აქციები ვერ შეცვლიდა. ასე რომ, დღეს ასპერეზზე ახალი ლიდერი არ ჩანს და ხალხის უკმაყოფილება უკმაყოფილებად დარჩება. ხალხის უკმაყოფილება სამართლიანია, თუმცა ამაზე საუბარი ლოკალურ წრეებს არ გასცდება.
-“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტის აქცია 20 მარტს - მზის დაბნელებას დაამთხვია. როგორ ფიქრობთ, ეს თარიღი სპეციალურად შეირჩა?
-ამ ორ მოვლენას შეიძლება მართლაც ჰქონდეს ერთმანეთთან კავშირი.
-როგორ შეაფასებთ თბილისის მერის მუშაობასა და ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ახალ სააგენტოს, რომელმაც წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება უნდა შეუწყოს ხელი?
-დედაქალაქის მერია ის ადგილია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკური სივრცისთვის. ის ერთ-ერთი რთული სრტუქტურაა, რომლის წინაშეც მუდამ იდგა კორუფციასთან ბრძოლის პრობლემა. მე ვიცნობ დავით ნარმანიას, ის პატიოსანი და აკადემიურია, თუმცა არც ერთი არ გამოადგება მერიაში სამუშაოდ, რადგან პატიოსნება არ გამოადგება იქ, სადაც სხვისი უპატიოსნობაა დასანახი.
რაც შეეხება ზემოხსენებულ სააგენტოს, მისი მსგავსი უამრავია რეესტრში დარეგისტრირებული. ასე რომ... ეს ინიციატივაც ღიმილისმომგვრელია.
ესაუბრა ია ჯღარკავა