საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა "კვირას" პრესკლუბში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 13 მარტს რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ არ ჩატარდება.
"დანიშნულია რიგგარეშე სხდომა, რომელიც არა ლარის კურსის გამყარებას, არამედ აჟიოტაჟის და ემოციური ფონის შექმნას ემსახურება.
ვფიქრობ, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარება – არჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფრაქციებზე. რაც შეეხება მთავრობას, მათ კანონით არ აქვთ ვალდებულება, რომ სხდომას დაესწრონ.
ეს რიგგარეშე სხდომა 21 მარტის აქციისთვის ემოციური ფონის შესაქმნელად სჭირდებათ. 13 მარტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, არ ჩატარდება. ამ თემაზე განცხადების გაკეთებას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა.
შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მეორედ მიმართა.
" ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომის ჩატარება 27 თებერვალსაც მოითხოვა და პრეზიდენტს მიმართა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა საჭიროდ არ მიიჩნია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, რიგგარეშე სხდომა მაინც უნდა ჩატარებულიყო.