ხვალ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ტატა ხუნწარია და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა.
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი მიმოიხილავს 2012 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს, რის შემდეგაც გაიმართება ჟურნალისტურ კონკურსში "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" გამარჯვებული ჟურნალისტების გამოვლენა და დაჯილდოება.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება იმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.