„ივერიონს“ ქვეყანაში შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაზე და „ნაციონალების“ მიერ 21 მარტს დაანონსებულ აქციაზე ესაუბრება ცნობილი უფლებადამცველი, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
-ბატონო დიმიტრი, “ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. ის ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. თქვენი აზრით, რა შედეგი მოჰყვება ამ აქციას?
-მოგახსენებთ. ის, რომ ხელისუფლება უუნაროა, შეცდომებს უშვებს, პრეზიდენტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკური წევრი არ არის, პრემიერ-მინისტრი გამოუცდელია და განსაცდელშია, ყველამ იცის. ისიც კარგად ვიცით, რომ, ვიდრე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება კრიზისამდე არ მისულა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს!
21 მარტის აქცია ხელოვნური მანიფესტაციაა, თუმცა ხალხმრავალი იქნება, რადგან მისი შემადგენელი ძალების მობილიზებისთვის დიდი ხარჯია გაღებული. ამ დღისთვის ბევრი ადამიანი ჩამოდის საზღვარგარეთიდანაც, განსაკუთრებით, უკრაინიდან. აქციის გარემენეჯმენტში ჩართულ სააკაშვილს, თავის დამნაშავე რეჟიმთან ერთად, საჯარისო ფორმირებებიც მზად ჰყავს, რომლებიც მისი ბრძანებისთანავე ჩაებმებიან სამხედრო მოქმედებაში!..
ხელისუფლებას კი 21 მარტს დაგეგმილი პროვოკაციების აღკვეთა ევალება და მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, გვერდით დავუდგები ჩემს ქვეყანას. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა ვიფხიზლოთ. არც ზედმეტი ყურადღებაა საჭირო ამ ხელოვნური მანიფესტაციისადმი, მაგრამ მოდუნების უფლებაც არ გვაქვს, რათა პროვოკაციებს არ წამოვეგოთ!
მათ უმართავი პროცესები აძლევთ ხელს. (ჩემი აზრით, 21 მარტის ხელოვნური აქცია თავისი მგდომარეობით ელექტროველში ძაბვის წარმოქმნისთვის საჭირო პოტენციათა შორის სხვაობის მსგავსია).
-თქვენი აზრით, დაუჭერს თუ არა ხალხი მხარს “ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ აქციას?
-ქართველი ხალხი მძიმე მდგომარეობაშია- გაღატაკებულია, ქვეყნიდან გარბის - მოსახლეობის საყოველთაო აღწერაც ვერ შევძელით (არადა, ამ სიებით 2016 წლის არჩევნებზე უნდა გვეხელმძღვანელა), რადგან საქართველოში ხალხი არ არის. რასაც ახლა გეტყვით, საგანგაშო სტასტიკაა, 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის მაისამდე საქართველოდან საზღვარგარეთ 160 000 მოქალაქე გავიდა. გაედინება ერი ჩაის საკრეფად თურქეთში, ციტრუსის საკრეფად - საბერძნეთში, ბედის საძებნელად - ბელორუსიაში, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც უამრავი ქართველია. მათი მონური შრომის შედეგად აღებული და საქართველოში გადმორიცხული ფულით ვითარდებოდა ქართული ეკონომიკა, რომლის მაჩვენებელი 5%-დან 2%-მდე დაეცა და ამ 2%-საც ვერ ასრულებს ხელისუფლება... ე.ი. ჩვენი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, არშემდგარი სახელმწიფო ვართ,რომელიც არ ეწევა მართლმსაჯულებას, სასამართლო არასამართლიანია, უზენაეს სასამართლოს დამნაშავე ექსთავმჯდომარე გაუსამართლებელია, საქართველოს ტერიტორიული საზღვრის 42% დემარკირებულია და ა.შ. რაც ჩამოვთვალე, ელემენტარულია, მაგრამ ეს მძიმე საზოგადოებრივი მდგომარეობა ვისი ბრალია, თუ არა წინა ხელისუფლების დამნაშავე რეჟიმისა? დაიჭერდნენ ვიღაცას, ჩასვამდნენ, საპროცესო გარიგებაზე მიატანინებდნენ 100 000 ლარს... 2007-2009 წლებში მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან 30-40 მილიონი ლარი ამოიღეს, ხოლო, ზოგადად, საპროცესო გარიგებებიდან ათობით მილიონი ლარი შეედინებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში. სწორედ ამან გააღატაკა მოსახლეობა და ის 74 000 ოჯახი, გასახლება რომ ემუქრება საბანკო ვალების გადაუხდელობის გამო. ახლა გეკითხებით, ასეთ დამნაშავე რეჟიმს უნდა დაუჭიროს მხარი საზოგადოებამ 21 მარტის აქციაზე? ვფიქრობ, რომ პირიქით!
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება და “ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბევრი წევრი ჩემი მეგობარია, სააკაშვილის პოლიტიკით განაგრძობს სვლას.
-რატომ მაინცდამაინც 21 მარტი? ეს სპეციალური დამთხვევა ხომ არ არის?
-მიმაჩნია, რომ “ნაციონალები“ შემთხვევით არ ირჩევენ რიცხვებს, შეიძლება ამჯერადაც ფსიქოლოგიურ ტესტთან გვქონდეს საქმე!
-როგორ შეაფასებთ თბილისის მერის მუშაობასა და ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ახალ სააგენტოს, რომელმაც წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება უნდა შეუწყოს ხელი?
-დავით ნარმანია დასაწყისშივე არ იყო დამოუკიდებელი. ყველაფერი, მარგიშვილიდან დაწყებული საშუალო რგოლის ჩინოვნიკით დამთავრებული, ვინც თბილისის მერიაში გამჟღავნებულ კორუფციაში ამხილეს, ნარმანიას უუნარობის შედეგია. წარმოიდგინეთ, მერი ცდილობს, პირი მოსწმინდოს კორუფციონერებს! ამის შემდეგ თვით ნარმანიას პასუხისმგებლობც კი უნდა დამდგარიყო!
ესაუბრა ია ჯღარკავა