აღსარებითი უბნობა ღმერთთან
ღმერთო დიდებულო, შენ უწყი ყოველი ჟამი თუ მოვლენა ჩვენზე მოწეული. იცნობ ჩვენს უძლურებასა და მერყევ ზრახვებს. გახსოვს წარსული, გვპატიობ აწმყოს და გვხედავ მომავალში. შენი დრო – მუდმივი აწმყოა, მარადისობა კი შენს ხელში მოქცეული ქვიშის საათი, სადაც არასდროს გამოილევა სიცოცხლის სილა, რადგან მისი მომცრო მარცვლები შენივე წიაღში აღმოცენებული სათნოებებია, რომელნიც შენსავით უცვალებლად მიედინებიან დაუსრულებელ წრე–ბრუნვაში.
უზენაესო ძალო, ზღვები მელნად, ხეები კი კალმებად უნდა იქცნენ, რომ შენი მომხიბლაობისა და სრულყოფილების გადმოცემა შევძლოთ, რამეთუ გარეშემოუწერელი და ამოუწურავია სუფევა შენი.
ტკბილო უფალო, თეორიულად თითქოს ვიცით, რომ შენშია დავანებული და შენგან მომდინარეობს ბრწყინავი წყვდიადით გარემოცული უღრუბლო ცა, რომლის კიდეც გამშვენებულია ქმედითი სიბრძნისმოყვარეობით, ბუნებითი ჭვრეტითა და იდუმალხედვითი წვდომის აღმაფრთოვანებელი სხივებით. შენ ხარ დაუსაბამო ზეარსი, მდუმარედ მჭერმეტყველი სილამაზე, აზრის ფერწერა, იმედიანი სიხარული, დამარცხებაში გამარჯვებული სიყვარული, დაუღალავი მოლოდინი, დაუწერელი ლექსი, შეუქმნელი სიმფონია, აუჟღერებელი მელოდია, თოვლზე სპეტაკი და მზეზე თბილი სული. ვიცით ეს სისავსე, მაგრამ პრაქტიკულად სულ გეურჩებით, უარზე ვართ და ისეთს არ გიღებთ, როგორიც სინამდვილეში ხარ.
მიუხედავად ამგვარი უმადურობისა, ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა, ისე შთაინთქმება და იძირება შენს მოწყალე და უნაპირო გულში, როგორც ზღვაში ჩაგდებული კენჭი. შენ მშობლიურად გტკივა ჩვენი იარები, გესმის ჩვენი კვნესა, გრძნობ ჩვენს სისუსტეებს, ითმენ ჩვენეულ უკეთურებასა და სიმშვიდით ელი ჩვენს გამოსწორებას.
ნუგეშინისმცემელო და ყოვლისა მპყრობელო, შენ გებრალება თითოეული ჩვენგანი, უმანკო ჩვილივით სტირი ყველა უღმერთოსაც, დგახარ მათ გულთან და მორიდებით აკაკუნებ, ბავშვივით მორცხვად თავდახრილი ეხმიანები, მზად ხარ მიუტევო გაქვავებული მკრეხელობა და ჩაყინული უგუნურება, ოღონდ კი მოიხედონ შენსკენ და შვილობრივად მომბალნი მოგეხუტონ შენს გამთბარ და მამობრივ მკერდზე. დიახ, შენ არ ხარ ჩვენსავით ავმეხსიერი, არც მაყვედრებელი და მდევნელი არ ხარ, ყოვლისუნარიანს, მხოლოდ ეს არ ძალგიძს, რომ შენსავე შვილს სასჯელი დაუწესო, ეს უცხო და სრულიად არაბუნებრივია შენთვის, სწორედ ამაშია ყოვლისშემძლეობა შენი, რომ ისიც კი შეგიძლია – წახვიდე თვით ყოვლადსამართლიანი თავის წინააღმდეგაც და არ იმოქმედო მსჯავრით.
ჩვენ კი ვაი–მორწმუნეებს, როგორ ხშირად გვავიწყდება ეს, როგორ უცებ მოგიაზრებთ ხოლმე პირქუშ მსაჯულად და მკაცრ მოსამართლედ, როგორ უტიფრად გწამებთ ცილს, როცა ჩვენივე უსიყვარულობის თვისებებს გაბრალებთ და მოყვასზე ანგარიშსწორებისათვის გიხმობთ, როცა ურცხვად, თითქოს და გავალდებულებთ კიდეც, რომ ვიღაც დასაჯო, დაამცრო და გაანადგურო "სიმართლის" საზეიმოდ. და როცა ასე არ იქცევი, ზოგჯერ რა დამაბრკოლებლად დიდია ჩვენი იმედგაცრუება, რა ახლოსაა მაშინ იუდასეული ღალატის სურვილი, როგორ შინაურული ხდება მაშინ უნანელი ავაზაკი, რომელიც დაგჩხაოდა ძალმომრეობისაკენ, როგორ ახლოა შიში, რომელსაც მონური სულისკვეთება აჩიავებს ხოლმე.
ასე, დღენიადაგ სასტიკად გერჩით ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხარ, ისევაც გაჭედებთ ჯვარზე, დაგცინით ჩვენი თავმომწონეობითა და მედიდურობით, ნაცვლად შენდამი აღტკინებული და წრფელი დამოკიდებულებისა, ჩვენ ვღიზიანდებით შენი ჭეშმარიტი სახით, საშინლად გვესიკვდილება შენეული თავმდაბლობა და სახელდობრ აქ არის ჩვენი ტრაგიზმისა და ბოროტების კვანძიც.
როცა ვაშავებთ და მაინც გვპატიობ, იმის მაგივრად რომ ამგვარ მხილებას დავყვეთ და გავითვალისწინოთ, პირიქით, აუტანელი და დამთრგუნველია ხოლმე შენზე ფიქრები, რამეთუ ეგოისტურ "მეს" ვერა და ვერ ვჯაბნით ამბიციებით გაშმაგებულნი.
ჰო, ჩვენ ისევ ის ხალხი ვართ უფალო, ის ეგზალტირებული ბრბო, რომელმაც წესების ერთგულებით, დემოკრატიულად გაწამა და მოგკლა ჯვარზე. ამ ოცი საუკუნის მანძილზე, ჯერ კიდევ ვერ გავიზარდეთ და კვლავინდებურად გვშურს შენი, გებრძვით არახელშესახებს და ასე უგონოდ წაგებულნი თავზარდაცმას ვეძლევით ხოლმე. ამიტომ გემუდარები, გვიშველე და შეგვცვალე უფალო, მალე მოდი და დაასრულე ეს დაბნეულობაც.
ვაი ჩვენ, რომ ცოცხალი და პიროვნული ღმერთი გამოგძერწეთ კერპად, რაღაც ჩვენეულ დესპოტად და აბჯარივით მორგებულ "ქრისტედ", რომელსაც შურისგებისათვის ვიყენებთ და რომლითაც გვსურს რომ ყოველდღიურ რეჟიმში – კაცი შაბათისათვის ვაქციოთ!
ერთი შეხედვით რელიგიურნი ვართ, დიეტურად ვმარხულობთ, რიტუალებს მივსდევთ, გარეგნულად ვლოცულობთ, მაგრამ ვერ ვიზრდებით შენს მსგავსებაში., რადგან გვაკლია ჭეშმარიტი რწმენა, სულიერი გამოცდილება და ქველ საქმეებში სულიწმინდისეული სიმწიფე.
რა სამწუხაროა, როცა შენივე წმიდა წერილიდან, მხოლოდ იმ ადგილს ვიხსენებთ (ჩვენეული ბოღმით აღსავსე დამახინჯებული განმარტებით) გავეშებულნი, როდესაც საბელით შოლტი დაწენი და მოვაჭრენი ტაძრიდან განდევნე, მაშინ როცა მიღმა გვრჩება ის ამბები, როცა ჯვარმცმელებისთვის ლოცულობდი და პირველად მონანული ავაზაკი შეგყავდა სასუფეველში, როცა მოწყალე სამარიტელის ღირსებაზე მიგვითითებდი, როცა უძღები შვილის ბედნიერებას გვახსენებდი, როცა მემრუშე დედაკაცს სინდისის ქენჯნამდე მიმყვანებელი სითბოთი პატიობდი, როცა პეტრეს დაღარულ თვალებთან მხნეობისა და სინანულის წვეთებად მოედინებოდი.
ამიტომაც, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მწარე სინამდვილის ფონზე, შვილობრივად გეტყვი უფალო, რომ ჯერ არ გიცნობთ, შენი ოჯახის წევრები ვართ და შენვე გმტრობთ ჩვენი ფაცი–ფუცით, სიამაყითა და მშფოთვარებით.
ერთადერთი რასაც გთხოვ, გადარჩენაა. ამისთვის შენი სწორად დანახვაა საჭირო, ამიტომ გევედრები უფალო, მოგვეცი ძალა და სიბრძნე რომ შეგიმეცნოთ და ვცხოვნდეთ ისე, რომ სხვის წარწყმენდაზე არასდროს ვიფიქროთ და ყველა გვენანებოდეს ტანჯვისა და უშენობისათვის. ამინ!
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)