ერს ისეთ „წინასწარმეტყველი“ ჰყავდეს, როგორიც ლელა კაკულიაა და აქამდე ვერ დაადგინოს პუტინი ცოცხალია თუ უკვე მიქელ-გაბრიელმა იხმო თავისთან, საცოდაობაა!..
სიძულვილი და აგრესია ბევრი მინახავს და გამიგია, მაგრამ, რაც სოციალურ ქსელში ამ ბოლო ორ დღეში დაიღვარა, ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს! არადა, უფალი გვეუბნება: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი თვისი“! ჩვენ, მცირდემორწმუნენი ამ შეგონებას - მტრის სიყვარულს, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ, მაგრამ ამდენი სიძულვილი გაგონილა?
რუსეთი თავისი ბუნებით შოვინისტი და დამპყრობელი რომ არის, ამას ვინმეს დასტური არ სჭირდება, მაგრამ, ჩვენ ისტორიული ბედუკუღმერთობით გათანგულებს ხშირად ობიექტურობის განცდა გვღალატობს და დიდსა და მცირე ბოროტებას ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ. სამწუხაროდ, ისიც გვავიწყდება, რომ სამყარო ზეციდან იმართება და, აქედან გამომდინარე, არც დღევანდელი რეალობაა შემთხვევითი!...
მესმის, რომ რუსეთმა ქართული ისტორიული ტერიტორიები მიიტაცა და საქართველო დაანაწევრა, მაგრამ სად იყო პუტინი გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ელცინის რუსეთმა აფხაზეთიდან გამოგვყარა და სამაჩაბლოც ზედ მიაყოლა?!
რატომ? რისთვის? ეს კითხვები მაშინ არავის დაუსვამს - მთელი აქცენტი შევარდნაძეზე გადავიტანეთ და დღესაც ვფიქრობთ, რომ მან ეს ტერიტორიები მაშინ ხონჩით მიართვა რუსეთის იმპერიას!..
რუსეთის იმპერიული ბუნების გამართლება როგორ შეიძლება, მაგრამ არასდროს ჩავღრმავებივართ იმ წინაპირობებს, რომელიც ჩვენთვის ამ მეტად სისხლხორცეული მიწებიდან ქართველების გამოძევებას უძღოდა წინ!
კიდევ ვიმეორებ: მაშინ რუსეთს არ ჰყავდა „სისხლისმსმელი“ პუტინი, მაგრამ ჰყავდა „პიანიცა“ ელცინი, რომელმაც ამ მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენა!..
გვინდა, არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინის სახით რუსეთს ჰყავს (თუ რა თქმა უნდა, ცოცხალია!) სწორუპოვარი ლიდერი, რომელიც დანარჩენი სამყაროს საპირწონედ იქცა! მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დუნია დაინტერესებულია ფერადი რევოლუციის ექსპორტით რუსეთში, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პოზიციებს მყარად ინარჩუნებს.
დავუშვათ, პუტინი ბოლო დღეებს ითვლის, ან როგორც ამბობენ, უკვე ცოცხალი არ არის, რა ხეირი ჩვენ - საქართველოს და სხვა დანარჩენ მართლმადიდებლურ სამყაროს, რომლის შთანთქმასაც ცდილობენ ბოროტი ძალები და როგორც ზემოთ ვთქვი, რომელის ერთადერთი საპირწონე, სწორედ პუტინის რუსეთია!
თავი ყველაფერს რომ დავანებოთ, მართლმადიდებელ ქრისტიანს როგორ შეიძლება ვინმეს სიკვდილი უხაროდეს და ამას ხმამაღლა ზეიმობდეს?!
არ იქნება პუტინი, შეიძლება გამოჩნდეს სხვა პუტინი ან ისევ უკუნეთში დაბრუნდეს რუსეთი, მაგრამ ამით საქართველო რომ არაფერს არ მოიგებს, ცხადია!
ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო, ნუ დავბრმავდებით, ნუ ავმჩატდებით ყველაფერზე (უპირველესად ზნეობაზე) ხელს ნუ ავიღებთ და ილუზიებით ნუ ვიცხოვრებთ. ვაითუ პუტინი ცოცხალია და ჩვენი აგრესია და ხბოს აღტაცება ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდეს?!
საბა საბახტარაშვილი