ივერიონი / იუსტიციის სამინისტრო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ვენეციის კომისიას გაუგზავნის

იუსტიციის სამინისტრო ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ვენეციის კომისიას გაუგზავნის

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტის პრეზენტაცია გამართა და  საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს  მასზე ღია დიკუსია შესთავაზა.


„უკვე დღეისათვის, სამინიტროს ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოეხმაურნენ. საკუთარი შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის სამინისტროს წერილობით გადმოუგზავნეს. ამ ეტაპზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები დოკუმენტებს ეცნობიან, გაიმართება იუსტიციის საბჭოს,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-სა და სხვა დაინტერესებულ პირებთან მორიგი შეხვედრები, რის შემდეგაც ყველა გონივრული შენიშვნა და მოსაზრება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტში აისახება", - აცხადებს  იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე.


მისივე თქმით, ამგვარად შეჯამებული პროექტის საბოლოო ვარიანტს იუსტიციის სამინისტრო  ვენეციის კომისიას გადაუგზავნის.


1990 წლიდან მოყოლებული, სწორედ ეს კომისიაა ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში. კომისიის მიზანია მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი სისტემის გაძლიერება,  დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემების განხილვა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.  კომისია ავტორიტეტული  დამოუკიდებელი ექსპერტებისგანაა დაკომპლექტებული.

15-11-2012, 10:25
უკან დაბრუნება