მიმართვა საქართველოს საზოგადოებას
საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნო-ფსიქოლოგიური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.
მიწა ერისთვის მისი ყოფიერების ტერიტორიაა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც. იგი სასიცოცხლოდ აუცილებელი ბაზაა, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის ყოველმხრივი დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს მოცემულ სივრცეში ერის სულისდგმისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.
ქართველი ერის სიცოცხლე განუყოფელია საქართველოს მიწისგან. ვერც დიასპორის სახით, ვერც საკუთარ ქვეყანაში უმცირესობის სახით ქართველი ერი ვერ იარსებებს. ამას ობიექტური მიზეზები გააჩნია:
I. ქართველმა ერმა იცის, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მისი სამოსახლო მიწა-წყალი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მის მეზობლობაში კი _ ყველაზე საუკეთესო. ეს ქართველს ანიჭებს იმის განცდას (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მის მიერ გაღებული მსხვერპლი ამ მიწის შესანარჩუნებლად უაზრო არ არის: იგი თავის შთამომავლობას დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ ასეთი მოარული ფრაზები როგორიცაა "მშვენიერი საქართველო", "ტურფა საქართველო", "ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო", "ქართულზე უკეთეს ხილს ვერსად შეჭამ", "აქაურზე უკეთეს წყალს ვერსად დალევ", "ჩვენზე უკეთესი საღვინე ყურძენი არსად მოდის" და ა.შ. მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. ქართველმა კაცმა ისტორიულად იცის, რომ საქართველოს მიწის დაკარგვით იგი და მისი შთამომავლობა მომავალს კარგავენ.
II. ქართველმა კაცმა იცის, რომ საქართველოს სამხედრო, კულტურული, მორალური თვალსაზრისით, ზოგადად – მოსახლეობის ხარისხის თვალსაზრისით, აგრეთვე საკუთარი ცხოვრების მოწყობის ნიჭის თვალსაზრისითაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი უჭირავს. ამაში მას ეგულება ერთ-ერთი უპირატესობა, რომელსაც იგი თავის შთამომავლობას უტოვებს. ქართველმა იცის (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც), რომ მისი ერის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მისი ქვეყნის ბუნებრივი მახასიათებლებით (მაგალითად, ყველას ესმის, რომ ადამიანი, რომელსაც თვეში ერთხელ მაინც მთაზე შედგომა და ქვეყნის გადახედვა უწევს, უფრო მეტად არის აღჭურვილი წარმოსახვითა და აქტიური აზროვნების უნარით, ვიდრე ის, ვინც ტრამალში ცხოვრობს).
აზროვნების აქტიურობა, რაც ადამიანს ბავშობიდან უნვითარდება, როგორც ცნობილია, დიდი ფაქტორია მისი შემოქმედებითი აქტიურობისთვის, შრომისა და შემოქმედების ყველა დარგში.
III. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის მრავალგვარობა ქართველ კაცს (ცნობიერადაც და ქვეცნობიერადაც) ანიჭებს იმის განცდას, რომ მასაც და მის მოდგმასაც უნარი აქვთ სრულფასოვნად იშრომონ და იბრძოლონ ყველანაირ ექსტრემალურ პირობებში, სიცხეშიც და ყინვაშიც, მთაშიც და ბარშიც, წყალშიც და ხმელეთზეც, ამდენად, საქართველოს მიწა-წყალი ქართველს უღირს სხვა ყოველივესთან ერთად, როგორც თაობათა აღზრდის ოპტიმალური ბაზა - საქართველოს ბუნება ადამიანს არც ანაზებს, არც გაუსაძლისი პირობებით ჩაგრავს. იგი მას განვითარების საუკეთესო პირობებს უქმნის!
საქართველოს კანონმდებელს არა აქვს უფლება ქართველი ერის (საქართველოს მოქალაქეთა კრებულის) ამ ბედნიერ მემკვიდრეობას, მის წინაპართა სისხლით დაცულს თუნდაც ერთი გოჯი მოაკლოს. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, როგორც საცხოვრისის ისტორიულად ჰარმონიზებული ერთიანი სისტემა ვერ იფუნქციებს მისი ნაწილ-ნაწილ ხელყოფის (გასხვისების) შემთხვევაში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ერისთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური და კულტურული ფასეულობა. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან, არც მისდამი საზოგადოებრივი ინტერესებისა და სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამარ¬თლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება.
მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და "ამოწურვადი" (შეზღუდული) რესურსი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. დედამიწაზე იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას და ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა (დაშვებულია მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირო-ბებით). სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება ისტორიას ბარდება!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უმეტეს ქვეყნებში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები წესდება იურიდიული პირების მიმართ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვაზე. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოს ნებისმიერი მდიდარი კომპანია რამდენსამე წუთში შეისყიდის გაჭირვებული მცირე ქვეყნის სავარგულებს მთლიანად.
ზოგჯერ არსებობს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიწის გასხვისებაზე სპეციალური, დამატები¬თი ნებართვის მიღების შემაფერხებელი პროცედურა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ქონების შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვებიც.
საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე, რომ უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს, და
- უზრუნველყოს იმიგრაციის საკმარისი კონტროლი, საქართველოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გათვლით, რომ საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა განჭვრეტად მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევების წინაშე.
- იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის რიგი სახელმწიფო, თურქეთი, ირანი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობითYდა მცირემიწიანობით. ამ ქვეყნების დემოგრაფიული და საფინანსო-ეკონომიკური პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში ჩვენთვის ტრაგიკულად შეცვლის პროგნოზს. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.
დღეს საქართველოს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. მის ძირითად სიმდიდრეს _ მის მიწას _ უპასუხიმგებლო ადამიანები უცხოელებზე გაყიდვას უპირებენ. საქართველოს კანონმდებელნი იმის უშუალო ცდუნების წინაშე დგანან, რომ საარაკო ღალატი ჩაიდინონ და ახალი კანონპროექტის თანახმად, ჩვენი მიწის განიავების იურიდიული პირობები შექმნან.
ძალიან მოკლედ მოგახსენებთ საქმის ვითარებას.
საქართველოს უპასუხისმგებლო და უმეცარმა საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს გააუქმა უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილი, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში გათვალისწინებული შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ამით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა – ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის და მათი შთამომვლობის სასიცოცხლო და საარსებო ბაზა აწ და მარადის – გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც, დღესდღეობით და უახლოეს წლებში საქართველოს საყოველთაო გაღატაკების ფონზე, მოსახლეობის მთელი მასა არაკონკურენტუნარიანია საქართველოს მიწის მითვისების უცხოელ მსურველებთან შედარებით. ამ ოპერაციის მიზანი და მოტივაცია, ხელისუფალთა ანგარების პარალელურად, სხვა არა არის რა, თუ არა საქართველოს დემოგრაფიული დექართველიზაცია და მისი მიწა-წყლის ათვისება ახალი, გარედან მოყვანილი ან ბუნებრივად იმიგრირებული მოსახლეობის მიერ.
კანონპროექტი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში ქართული საზოგადოების "ზურგს უკან შევიდა". მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა. საზოგადოებამ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ტექსტი საქართველოს პარლამენტის ელექტრონულ გვერდზე დაიდო.
კანონპროექტმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტში (არც მის "ალტერნატიულ ვარიანტში," რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშია შემუშავებული) არ ჩანს მთავრობის ხედვა და სტრატეგია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ. ასევე, არ ჩანს, ანალიზზე დაფუძნებულ რა გამოწვევებს პასუხობს იგი. კანონპროექტი უნდა ემსახურებოდეს ხედვის, სტრატეგიის და დასახული მიზნების განხორციელებას და არა შიშველი პრინციპების ჩამონათვალს. თუ პარლამენტი ეცდება ის სულისკვეთება გადაიტანოს ოფიციალურ ვერსიაში, რომელიც სამუშაო ვარიანტშია და რომელიც იურიდიული პირების ინტერესების ლობირებითაა გაჟღენთილი, ეს იქნება ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა. ეს არ გამოვა. საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭერენ ქართული მიწის განიავების დამდგენ კანონს მიღებას.
ამ სასიცოცხლო თემაზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს შემდეგი:
- საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისთვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისთვის.
- საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისაგან) _ კონკრეტულად, მას მუდმივად და უცვლელად უნდა ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამისი ერთადერთი რეალური გზაა _ თავის მიერ კონტროლირებადი პოტენციალის საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა თავის მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებად მოსახმარ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა.
- თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება მიწის საკითხს უდგება საკუთარი ეროვნული და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობის მიხედვით: თუ საკუთრების კლასიკური გაგება წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან, მაშინ უყოყმანოდ იწირება თეორის მოთხოვნა. ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები არავითარ სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ.
- ქვეყნის რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა;
- ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა;
- მიწა არა მხოლოდ პროდუქციის წარმოების წყაროა, არამედ ქართული მოდგმისა და ერის განმტკიცების ფაქტორიც;
- ქვეყნის სიძლიერე გლეხკაცის მიწასთან მარადიულ კავშირშია;
- გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია;
- მიწისგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს, სოფლის, როგორც ეროვნული კულტურის საძირკვლის, ყოფაცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლას.
- ისტორიულად, სამშობლოს დაცვით ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამაპაპურსაც, თავის "მამულსაც" იცავდა. სხვა სიტყვით: თავის პირად მამულს იგი თავისი დიდი მამულის _ თავისი სახელმწიფოს _ დაცვის სახით იცავდა _ და იცავს. ეს ბუნებისა და საზოგადოების ურყევი კანონია. ეს ფსიქოლოგიური კანონზომიერება მარადიულია.
- მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისგან განსხვავე¬ბით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას, გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია. ესაა სახელმწიფო ტერიტორიული შეუვალობა ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი).
ის ფაქტი, რომ ტერიტორიულ სუვერენიტეტს იცავს სახელმწიფო, სულ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოა მიწის უზენაესი მესაკუთრე. სახელმწიფო ტერიტორია (მიწა) ხალხის (ერის) საკუთრებაა. ერი, როგორც აღნიშნული უფლების სამართალმემკვიდრე, არ გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ თაობას. ეროვნული სამართალშეგნება სამართალსუბიექტად მიიჩნევს ასევე წარსულ და მომავალ თაობებსაც. სწორედ ამიტომ არც ერთ თაობას (მით უფრო, გარკვეული ვადით მოსულ ხელისუფლებას) არ აქვს არანაირი უფლება, საძვალე მოუშალოს წინაპრებს და მამული გაუყიდოს შთამომავლობას.
ფართოდ უნდა გაცხადდეს საქართველოს საზოგადოების ერთობლივი აზრი, რომ ხელისუფლების განზრახვა უცხოელებისთვის ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიწის მიყიდვისა არის კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებულის გაყიდვა და რომ ასეთი ნასყიდობები გაუქმდება.
დღეს ქართველმა ერმა მთლიანად იცის, რომ მოცემულ პირობებში ჩვენი მიწის უცხოელებზე განუკითხავი გასხვისება ჩვენი ქვეყნისთვის მავნეა. საქართველოს პარლამენტმა ხელი უნდა აიღოს შემოსული არასასურველი, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელ-მყოფელი კანონპროექტის განხილვაზე და ორიენტაცია მოახდინოს მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონის (მიწის კოდექსი) შემუშავებაზე უახლოესი თვეების მანძილზე.
ქართულ საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად ჰმართებს, რათა ხელი არ ახლონ ჩვენს მარადიულ სამკვიდრებელს.
საზოგადოების "საქართველოს მიწის გუშაგი" სახელით: ბოხუა მერაბ, გიორგაძე მამუკა, გოგოხია რევაზ, დიხამინჯია თენგიზ, ვაჩნაძე მერაბ, კაციტაძე ჯემალ, კოღუაშვილი პაატა, მარგველაშვილი გულნარა, მაქაცარია გურამ, მგალობლიშვილი ზაზა, მესხიშვილი ანზორ, მიქელაძე ზურაბ, მურღულია გრიგოლ, ნათაძე ნოდარ, ნაჭყებია ზაურ, პაპასქუა იურ, ჟორდანია ოთარ, რამიშვილი ბადრი, ფაღავა ყარამან, ფრუიძე ლევან, ცნობილაძე პაატა, შათირიშვილი მერაბ, ჩაჩუა ლევან, ჩხეიძე შოთა, ჩიხლაძე ნიკო, ჯინჯოლავა ზაურ, ჯოლოხავა დოდო, ჯიბუტი მიხეილ.