თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულ გიორგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
"2015 წლის 13 მარტს, მთავარი პროკურატურის მიერ გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი დადგენილებით დაზუსტდა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეიცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია. გ. უგულავას ბრალი ედება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციაში, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია "იმედის", მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებაში. აღნიშნულ საქმეზე უგულავას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა 2014 წლის 28 ივლისს და აღკვეთი ღონისძიება არ იყო მოთხოვნილი, ვინაიდან სხვა საქმეზე ის იმყოფებოდა პატიმრობაში, ამ სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურება 2015 წლის 2 აპრილს, აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოიშვა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი.
2015 წლის 14 მარტს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ბრალდების მხარის მოთხოვნა განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
1) მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების საფრთხე:
მხედველობაშია მისაღები, რომ გიორგი უგულავას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით შესაძლოა მიიმალოს. სამართალწარმოების ეტაპზე გიორგი უგულავა მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში დაბარებული იქნა 2013 წლის 1 თებერვალს, მაგრამ იგი არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ანალოგიურ ფაქტს ადგილი ჰქონდა საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეზეც, კერძოდ, გიორგი უგულავა მოწმის სახით დასაკითხად დაბარებული იქნა 2013 წლის 10 და 12 თებერვალს, მაგრამ იგი არც ამ შემთხვევაში გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სს საქმეზე, გიორგი უგულავა დაკავებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს, როდესაც მორიგი დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ასევე გასათვალისწინებელია გიორგი უგულავას და მისი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები და მისი ფართო კონტაქტები საზღვარგარეთ. ამდენად არსებობს არა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ იგი სამომავლოდ თავს აარიდებს მართლმსაჯულებას, არამედ დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკვე სცადა, თავი აერიდებინა გამოძიებისათვის.
2) მოწმეებზე ზემოქმედებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე:
2013 წლის 12 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვისას, მოწმე რამაზ სულამანიძემ მისცა მამხილებელი ჩვენება გიორგი უგულავას ახლო გარემოცვის წევრზე, რის შემდგომაც გ.უგულავამ, რომელიც ესწრებოდა სხდომას, მოწმეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა მას უცენზურო სიტყვებით. ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა არა პრივატულად, არამედ სასამართლო სხდომის დარბაზში. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოწმე რამაზ სულამანიძე, გ.უგულავაზე როგორც ქ.თბილისის მერზე, წარსულში სამსახურებრივად იყო დამოკიდებული. სამართალწარმოების პროცესში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი კაპანაძის მიმართ, მისთვის უცნობი პირის მხრიდან განახორციელდა მუქარა, რათა მოწმეს სასამართლოში არ მიეცა გიორგი უგულავას მამხილებელი ჩვენება. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდზე, გიორგი უგულავა იყენებდა რა საკუთარ გავლენასა და ავტორიტეტს, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს საჯაროდ გაკეთებული განცხადებით მოუწოდებდა, რომ სასამართლოში შეეცვალათ ჩვენებები. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტს ადგილი ჰქონდა ასევე ე.წ. "მარნეულისა და ლეგალიზაციის ეპიზოდზე", რომელზედაც სასამართლო განხილვები უნდა დაიწყოს 2014 წლის 17 მარტს. აღნიშნულ საქმეზე გიორგი უგულავას მამხილებელი ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა მოწმე ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომელმაც აღნიშნული ჩვენება უნდა დაადასტუროს სასამართლოში, მას შემდეგ რაც 17 მარტს დაიწყება სასამართლო განხილვები. მითითებული მოწმის მიმართ 2014 წლის მარტის დასაწყისში, მისთვის უცნობი პირის მხრიდან განხორციელდა მუქარა - იგი არ გამოჩენილიყო სასამართლოზე ჩვენების მისაცემად, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამავე საქმეზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდზე, გიორგი უგულავას მამხილებელი ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა ასევე ეროვნებით პოლონელმა მოწმემ იგორ დომორაცკიმ, რომელმაც ასევე 17 მარტს დაწყებულ სასამართლო განხილვების შემდგომ უნდა დაადასტუროს ჩვენება. თუმცა, ამ პირზეც სასამართლო განხილვების დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე განხორციელდა სატელეფონო შეტყობინებით მუქარა გიორგი უგულავას პროცესზე არ გამოჩენილიყო, თორემ ინანებდა. ამდენად, არსებობს არა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ იგი სამომავლოდ მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას და საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანადგურებს, არამედ დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკვე განახორციელა ხსენებული ქმედებები.
3) ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე:
თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი უგულავამ შესაძლოა ჩაიდინოს მორიგი დანაშაული. აღნიშნულ საფრთხეზე მეტყველებს პირველ რიგში თავად ბრალდებულის პიროვნება და ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იკვეთება სისხლის სამართლის საქმეების ანალიზიდან, რომელზედაც გიორგი უგულავას მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვები. კერძოდ, აღნიშნული ანალიზით დასტურდება ის ფაქტი, რომ გიორგი უგულავამ, როგორც ქ.თილისის მერის თანამდებობაზე ყოფნისას 2006-2012 წლებში, ასევე შემდეგ პერიოდშიც ჩაიდინა ქმედებები, რაზედაც ბრალდება აქვს წარდგენილი. მათ შორის, - 2007 წლის ნოემბერი: გიორგი უგულავამ როგორც ქ.თბილისის მერმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც არსებითად დაირღვა შპს "ლინქსის" უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. - 2008 წლის სექტემბერი: გიორგი უგულავას უშუალო ხელშეწყობით, განხორციელდა შპს "ლინქსის" დიდი ოდენობით ქონების ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ გაფლანგვა, - ზიანი 10 238 298 ლარი. - 2008 წლის დეკემბერი: "რიყის" ეპიზოდზე, სახელმწიფოს საბიუჯეტო თანხების მითვისება და ლეგალიზაცია - ზიანი 10 000 000 აშშ დოლარი. - 2009 წლის თებერვალი: ,,სი-თი პარკის" ეპიზოდი", სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ზიანი 1 086 718 ლარი. - 2010-2011 წლები: ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდი", სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა დიდი ოდენობით - ზიანი 4 196 756 ლარი. - 2012 წელი: ,,ფონდების" ეპიზოდი, სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა დიდი ოდენობით - ზიანი 48 000 000 ლარი; - 2014 წლის ივნისი: მარნეულისა და ლეგალიზაციის ეპიზოდი, ბრალდებულმა ამ შემთხვევაში გირაოს ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის მძიმე და ფინანსური ხასიათის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. 2013 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო. მიუხედავად იმისა, 2014 წლის 05 ივნისს, გიორგი უგულავა თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა ქ.მარნეულის საარჩევნო კომისიის შენობაში და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით ზემოქმედებდა კომისიის წევრებზე, მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე 2014 წლის მაისში, გიორგი უგულავა ალექსანდრე გოგოხიასთან და გიორგი ღონიაშვილთან ერთად ახდენდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. სწორედ აღნიშნულ ფაქტებზე წარედგინა ბრალდება გიორგი უგულავას, ანუ გირაოს არ ჰქონდა ბრალდებულისათვის შემაკავებელი ხასიათი და მან კვლავ ჩაიდინა განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გიორგი უგულავას დაბარების შემდეგ იგი იმავე ღამეს ცდილობს დატოვოს საქართველოს ტერიტორია. აღნიშნული გარემოებები ნათლად მეტყველებს ბრალდებულის პიროვნებაზე და ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, სახეზეა არა აბსტრაქტული საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, არამედ კონკრეტული ფაქტები ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე.
სისხლის სამართლის საქმეზე (მარნეულისა და ლეგალიზაციის ეპიზოდი), რომელზედაც გიორგი უგულავას შეფარდებული აქვს პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური - 9 თვიანი ვადა იწურება 2015 წლის 02 აპრილს, ამასთან მითითებულ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2014 წლის 17 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ "ტელეიმედის" საქმეზე მის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი, რამეთუ გიორგი უგულავას თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, რაც გარდაუალია, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული თავს აარიდებს მართლმსაჯულებას, მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას და სხვა უკანონო ხერხებით ხელს შეუშლის საქმის სასამართლო განხილვას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. იმის მტკიცება, რომ პატიმრობის 9თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმავე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მცდარია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. ხსენებული ფორმით სასამართლოს პატიმრობა არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს გამოყენებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.