ივერიონი / ნათია მეგრელიშვილი: ასე როგორ გაიმეტეთ ბავშვები...

ნათია მეგრელიშვილი: ასე როგორ გაიმეტეთ ბავშვები...

პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მიერ, სკოლის მოსწავლეებისთვის მძიმე კადრების ჩვენებას ბარბაროსობად მიიჩნევს.

ცნობისთვის: საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ორგანიზაციამ ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი" ჩვენება მოაწყო, რომელზეც არასრულწლოვნები მიიყვანა.

"დღეს ისეთი რამ მოხდა საქართველოში, რომ აღარც ლაპარაკი მინდა და არც სტატუსების წერა. თამაში დასრულებულია!

საბჭოთა კავშირშიც გავიზარდე, 90-იანი წლებიც გამოვიარე, 9-წლიანი ოდისეაც, მაგრამ არასდროს მსმენია ასეთი ბარბაროსობა, რომ ბავშვებს და მოზარდებს აჩვენონ წამებისა და მკვლელობების ქრონიკა. . . . . .

მასწავლებლებო, ფსიქოლოგებო ხმა ამოიღეთ!!!

რითი გინდათ გაამართლოთ ეს ქმედება? გსურთ რომ ახალგაზრდებმა სიმართლე იცოდნენ წარსულზე? და ეს ნორმალურია დოქსოპულოებო?

მაშინ სიმართლე შორიდან დაიწყეთ

უამბეთ ბავშვებს, როგორ მოატყუა პეტრე პირველმა ვახტანგ მეფე და როგორ აღმოჩნდა ასობით ქართველი იძულებით ემიგრაციაში რუსეთში.

უამბეთ რამდენი წელი ატყუებდა რუსეთის დედოფალი ერეკლე მეფეს და რამდენჯერ მიაგდეს მტრის პირისპირ.

უამბეთ როგორ მოატყუა ხელმწიფე პავლემ ქართველები და გიორგიევსკის ტრაქტატის ნაცვლად ანექსია შემოგვთავაზა.

წაუკითხეთ კოჩუბეის და ციციანოვის წერილები სადაც ითხოვენ ქართული არისტოკრატიის გაძევებას სამშობლოდან.

უამბეთ ციციანოვმა ერმოლოვმა, პასკევიჩმა, პუზირევსკიმ რამდენი ათასი ქართველი გაასახლა რუსეთში და მათ შორის მთელი სამეფო კარი.

უამბეთ რამდენი აჯანყება მოხდა მე19 საუკუნეში და როგორ სისხლში ჩაახრჩვეს რუსებმა ქართველები, როგორ წვავდნენ სოფლებს, ქალაქებს, ტაძრებს, წვერით ათრევდნენ ქართველ მღვდლებს, აუპატიურებდნენ ქალებს.

უამბეთ რა ბედი ეწია 1932 წლის შეთქმულების მონაწილეებს.

უამბეთ ვინ იყვნენ დედოფალი ნინო, სოფიო, დარეჯანი, მარიამი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში დაიხოცნენ რუსეთის პროვინციებში.

პუშკინს და ლერმონტოვს თურმე საქართველო უყვარდა. . . . არც კი გრცხვენიათ. . . . ისინი აქ რომ ხიბლში იყვნენ სოლომონ დოდაშვილის და დიმიტრი ყიფიანის მსგავსი ქართველები გადასახლებაში კვდებოდნენ!

უამბეთ მუჰაჯირობაზე. . . . .რა გაუკეთეს ქართველ მუსლიმებს რუსებმა.

უამბეთ ვინ მოკლა ილია.

უამბეთ რა გააკეთა სერგომ და კობამ.

უამბეთ 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიებზე.

უამბეთ 60-70-იან წლებში რა ხდებოდა გულაგის ბანაკებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

უამბეთ რა გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას

უამბეთ რა ხდებოდა 90-იან წლებში

უთხარით სიმართლე, რომ ამ "კეთილ საქმეებში" ბევრი ქართველი მოღალატე მონაწილეობდა.

თუ ასე გსურთ რომ ახალგაზრდობამ იცოდეს სიმართლე, უამბეთ უამბეთ უამბეთ. . . . .

მაგრამ არა! მათთვის ისტორია უნდა დაიწყოს 2003 წლიდან, ასეთია გეგმა?. . .

ასე როგორ გაიმეტეთ ბავშვები. . . იუდა თქვენთან შედარებით ერთი საწყალი კაცი იყო, რომელმაც შეცდომა დაუშვა და თავად გამოუტანა საკუთარ თავს სასჯელი.

სიტყვებიც კი მენანება თქვენთვის. . . . . . მხეცები ხართ!!!!", - წერს მეგრელიშვილი.

16-03-2015, 14:50
უკან დაბრუნება