media.ge-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვისეას" გადაეცა.
სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60 პროცენტის გადაცემის სანაცვლოდ, „შვისეა" ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ „შვისეას" „შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით".
„შვისეას" 30 პროცენტი „ტელეკომპანია პიკის" 55 პროცენტის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10 პროცენტი კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ.
„შვისეას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია. ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის (Irytas.lt) ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.
შპს „ტელეკომპანია პიკი" ყოფილი ტელეკომპანია „ალანიაა", რომელიც საერთო სიხშირული მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს და რომლის სიხშირეზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხი „პიკი" მაუწყებლობდა. ქვეყანაში სიხშირეების დეფიციტის გამო თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორ სიხშირეს ფლობს, სადაც პირველ და მეორე არხს უშვებს.
შეგახსენებით , რომ 2012 წლის დასაწყისში მაუწყებელმა „პიკი" მართვის უფლებით შპს „ტელეკომპანია პიკს" („ალანია") წლის ბოლომდე გადასცა. იმ პერიოდში „ალანია" რუსულენოვანი მაუწყებელი იყო. „პიკის" მართვის უფლების მიღების შემდეგ რეორგანიზაცია მოხდა - „ალანია" „პიკს" შეურთდა, სახელი იურიდიულადაც შეიცვალა, გახდა „ტელეკომპანია პიკი" და საკუთარ სიხშირეზეც „პიკის" სამაუწყებლო ბადე გაუშვა.