დღეს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა. ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცერლებს.
ჩატაევის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება მის განცხადებაზე. ადვოკატმა პროკურატურას 3 კვირის წინ აცნობა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ჩატაევის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე გამოძიების დაწყება მოწმეების მიერ ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე. მოწმეები ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ახმედ ჩატაევს ბრალი უკანონოდ აქვს წაყენებული და ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. სამწუხაროდ, პროკურატურა არ ითვალისწინებს არც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც საზოგადოების მაღალ ინტერესს, არც უფლებადამცველების მოთხოვნას მისი გათავისუფლების შესახებ და არც იმას, რომ ის ჩეჩნეთიდან ლტოლვილია და ავსტრიას მასზე ლტოლვილის სტატუსი აქვს გაცემული“, – აცხადებს ადვოკატი.
ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 ოქტომბერს ჩაბარდა. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა. შეგახსენებთ, სპეცოოპერაციის შედეგად დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია. მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე იყო.
სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყელამაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია. 24 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გიორგი კერესელიძემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია.
წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურა არ დასთანხმდა ადვოკატების შუამდგომლობას, რომ ჩატაევი გირაოთი გაეშვათ, რის შემდეგაც სასამართლომ ჩატაევი ისევ პატიმრობაში დატოვა.
ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. დაკავების შემდეგ მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს.