ივერიონი / დავით ფერაძე: დღეს ხელისუფლება გვეუბნება - შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ „ნაციონალები“ ჩვენზე უარესები იყვნენ!

დავით ფერაძე: დღეს ხელისუფლება გვეუბნება - შეიძლება არ მოგწონვართ, მაგრამ „ნაციონალები“ ჩვენზე უარესები იყვნენ!

„ივერიონს“ ესაუბრება თბილისის 116 საჯარო სკოლის პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

 

-საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“. თქვენი აზრით, რამდენად მორალურია ფილმში ასახული მოვლენების არასრულწლოვნებისთვის ჩვენება?


-მე არ ვიცი ამ ფილმის შინაარსი. სინამდვილე გითხრათ, დიდად არც დავინტერესებულვარ, ფილმის გარეშეც ვიცი გასული ცხრა წლის სიმძიმე და აღარ მინდა მათი გახსენება, მით უმეტეს, არ მინდა, რომ მაშინდელი სისხლისღვრა ახლა სისხლის გაშრობით შეიცვალა და ყველა იმედი წყალში ჩაგვეყარა. რაც შეეხება არასწრულწლოვანებთან მიმართებაში თემის წამოწევას, მე ვფიქრობ, პოლიტიკური პიარის ფარგლებში არაფრით არ შეიძლებოდა მისი მოსწავლეებისთვის ჩვენება.


-თქვენი აზრით, ვის უნდა დაბადებოდა ამგვარი ფილმის ბავშვებისათვის ჩვენების იდეა?


-ფილმის ჩვენების იდეა სად იშვა, ვერ გეტყვით, მაგრამ შემთხვევითი სახე ამას არ ექნებოდა. ეს ეცოდინებოდა შესაბამის ძალოვან სამსახურებსაც და, შესაძლოა, შეთანხმებულიც სწორედ მათთან იყო. რესურსცენტრებისა და დირექტორებისგან არაფერი მიკვირს. როდესაც ამ სტრუქტურების ნეპოტისტურად და გარიგებების დონეზე დაკომპლექტება ხდებოდა, ეს იმთავითვე გულისხმობდა, რომ ასეთი მოხელეები სწორედ ამგვარ შემსრულებლებად მოიაზრებოდნენ. სააკაშვილის ხელისფლებაშიც ასე იყო და ახლაც ასე დარჩა.


- როგორ ფიქრობთ, “ქართულ ოცნებას“ ისე გაუჭირდა, რომ სააკაშვილზე შურისძიების იარაღით ბავშვებს იყენებს?


-რამდენადაც ვიცი, აქ არ იყვნენ მარტო ბავშვები. ვფიქრობ, ეს ამბავი ისევ „ფხიზელმა“ არასამთავრობოებმა წამსოწიეს და სამართლიანადაც, თუმცა, არ მგონია, თუნდაც მშობლებს გაეპროტესტებინათ მოსწავლეების იქ დასწრება.


ვფიქრობ, მშობლების ასეთ დამოკიდებულებას წამოეგნენ "პროექტის" ინიციატორები. დასავლეთ საქართველოში სწორედაც რომ საგრძნობლად "გაუჭირდა" მოქმედ მთავრობას და შეახსენა ხალხს, რომ შესაძლოა ჩვენ აღარ მოგწონვართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ჩვენზე უარესი იყოო!


-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა ემუქრებათ ბავშვებს, რომლებმაც უკვე ნახეს ფილმი?


-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განხილვა გამიჭირდება, რადგან, ვიმეორებ, არ ვიცი ფილმის შინაარსი. თუ სააკაშვილის ეპოქის ბნელი მხარეები უცვლელი სისასტიკით არის ეკრანიზებული, რა თქმა უნდა,  მოსწავლეების ფსიქიკაზე კი არა და ზრდასრულებზეც ცუდად იმოქმედებს. ხელისუფლებას ამის მიღწევა თუ უნდა, არ ვიცი. ვერ გეტყვით,  ხვალ ის ბავშვები რა განწყობაზე იქნებიან, ყოველ შემთხვევაში, არა მგონია ქვეყნის მასობრივ სტაგნაციას შეურიგდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ წინა რეჟიმი უფრო უარესი იყო!

                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

17-03-2015, 12:24
უკან დაბრუნება