ივერიონი / გაატარეთ, პოლიტიკაში ქალები მოდიან!

გაატარეთ, პოლიტიკაში ქალები მოდიან!

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ორაზროვნად განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტი ქალი უნდა იყოს! ამას მოჰყვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ლოზუნგი-განცხადება: "მეტი ქალი პოლიტიკაში"...

შემთხვევით არაფერი ხდება და არც ეს უნდა მივიჩნიოთ შემთხვევით წამოსროლილ ფრაზად - საქართველოში აქტიური მოძრაობა იწყება ხელისუფლებაში ქალების გუნდის გასაძლიერებლად (ყოველ შემთხვევაში რაოდენობრივად მაინც) და უკვე გვაჩვევენ, რომ ასპარეზი მამაკაცებმა ქალებს უნდა დაუთმონ!

ჩემს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში "რატომ გვემუქრებიან მატრიარქატით? ანუ გამოასწორებენ თუ არა ქალები კაცების გაფუჭებულ საქმეს" დეტალურად ვისაუბრე აღნიშნულ ტენდენციაზე და ისიც დავაფიქსირე, რომ ქალების პოლიტიკაში (საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ სტრუქტურაში) ყოფნის მომხრე ვარ, თუნდაც მათი ხვედრითი წილის პროცენტულად გაზრდის, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკიდან განდევნის ან ხელოვნურად მათი რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე!..

ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, ან ისინი იგნორირებულნი არიან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი სტრუქტურის იერარქიაში, მაგრამ ერთი ხელის მოსმით ასეთი პრეტენზიების დემონსტრირება არა მარტო დამაფიქრებელი, არამედ სახიფათოცაა!

მახსოვს, იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში წინასწარ გათვლილი იყო რამდენი უნდა ყოფილიყო ქალი-დეპუტატი, ქალი-დელეგატი, ქალი-რაიკომის მდივანი, ქალი-მინისტრი და ა.შ. და ა.შ.

სხვათაშორის, მიუხედავად ასეთი "გეგმიურობისა", შემთხვევითი ადამიანები თანამდებობებზე არ ინიშნებოდნენ. სხვა საკითხია, რამდენად უწევდნენ ისინი მეტოქეობას მამაკაც ჩინოვნიკებს!

ნიშანდობლივია ისიც, რომ კომუნისტურ ეპოქაში და დამოუკიდებელ საქართველოშიც იერარქიის ყველა საფეხურზე მაინც მამაკაცები დომინირებდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი, როგორც ლიდერი, იგნორირებული იყო...

ამ ფონზე ცოტა უცნაურად ჟღერს ახალი ლოზუნგი - მეტი ქალი პოლიტიკაში. ვეთანხმები ბ-ნ სოსო ცინცაძეს, რომელიც ბრძანებს, რომ "მომხრე ვარ ქალების პოლიტიკაში ჩართულობის, მაგრამ არა რაოდენობის, არამედ ხარისხიანობის მიზნით..."

გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ ამ თამამი და მოულოდნელი ლოზუნგის მიღმა გარედან თავსმოხვეული ავანტიურა იმალება! მითუმეტეს, გვახსოვს ეს ინიციატივა "ნაციონალების" ზეობის პერიოდში გაჟღერდა, თუმცა მათ არ დასცალდათ.

კიდევ ვიმეორებ: მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ქალების სახელმწიფოს მართვაში ჩართულობასთან, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. მითუმეტეს, ხელოვნურად აგორებული კამპანიის ხასიათს არ უნდა ატარებდეს!

ვეთანხმები ბ-ნ სოსო ცინცაძეს იმაშიც, რომ "მაია ნადირაძისა და "ქართული ოცნების" სახე-ქალებისთანები პოლიტიკას ვერ განავითარებენ, რომ ევროპელი ქალები პოლიტიკაში უფრო პრაგმატულები არიან, რომელთათვისაც ქართველი ქალებისგან განსხვავებით, უცხოა ჩხუბი და გაღიზიანება!"

წინასწარ ძნელია იმის თქმა, რამდენად აიღებენ ხელს ქართველი პოლიტიკოსი ქალები სოსო ცინცაძის მიერ დაწუნებულ ზნე-ჩვეულებაზე და რამდენად გახდებიან პრაგმატულები, მაგრამ პოლიტიკურად გააქტიურების სურვილი რომ გაუჩნდათ, ცხადია!..

ამ ფონზე საკმაოდ თამამად ჟღერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი _ ძლიერი სახელმწიფო"-ს ხუთეულის პუბლიცისტ, პიარტექნოლოგის ლალი მოროშკინას, ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის, მომღერალ მაია ბარათაშვილის და იურისტების ნათია შათირიშვილისა და ნანა გოჩელაშვილის მიერ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი გრძნობენ რა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის სიმწვავეს, მზად არიან ჩადგნენ საზოგადოების სამსახურში. დიახ, ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ ფეხდაფეხ შემოივლიან საქართველოს რეგიონებს, დაინტერესდებიან მოსახლეობის მწვავე პრობლემებით და თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ეცდებიან უანგაროდ დაეხმარონ მათ. ამასთან, მოუწოდებენ თანამოაზრეებს გაწევრიანდნენ მათ კავშირში და კიდევ უფრო გააძლიერონ ისინი!

 

   

ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩანასახი სახეზეა, საიდანაც პოლიტიკურ მოძრაობამდე ერთი ნაბიჯია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხუთეული აქტიურ პოლიტიკაში მოსასვლელად  ემზადება. მე პირადად გზას დავულოცავ იმ რწმენითა და იმედით, რომ მათი ძალისხმევა "ტრადიციად" ქცეულ ლოზუნგებს და ყალბ დაპირებებს გასცდება და ახლებური ხედვითა და მიზანსწრაფულობით საპატიო ადგილს დაიკავებენ ქართულ პოლიტიკაში - საპატიო ადგილის, ანუ ნდობის დამკვიდრება არც თუ ის იოლი იქნება, რადგან, დღევანდელმა პოლიტიკოსებმა (ქალებმაც და კაცებმაც) საზოგადოების ნდობა პირწმინდად დაკარგეს - მათი ძალისხმევა მხოლოდ ქვენა გრძნობების დაკმაყოფილებას და ცრუ დაპირებების პროპაგანდას ხმარდება. განზე რჩება მთავარი: სახელმწიფოს (საზოგადოების) სამსახური, რომლის გარეშეც ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის ფასი ნულის ტოლია!

ძვირფასო ქალბატონებო! კიდევ ერთხელ დაგილოცავთ გზას პოლიტიკაში მოსასვლელად, მაგრამ მხარს მხოლოდ მაშინ დაგიჭერთ, თუ დღევანდელი ე.წ. პოლიტიკოსებისგან განსხვავებულ ხედვას და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარს დაგვანახებთ. აბა მხოლოდ ლამაზი თვალების გამო სახელმწიფოს საჭეს ვერ ჩაგაბარებთ!

                      ზაურ ნაჭყებია

 

 

18-03-2015, 11:19
უკან დაბრუნება