ივერიონი / გლობალიზაციის ბედნიერი მონები, ანუ აპირებს თუ არა ქართველი ხალხი "ნაცურ" გეენიაში დაბრუნებას?!

გლობალიზაციის ბედნიერი მონები, ანუ აპირებს თუ არა ქართველი ხალხი "ნაცურ" გეენიაში დაბრუნებას?!

ერთი ახლობელი კაცის ნაამბობიდან ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ფრიად მნიშვნელოვანი თვისების შესახებ შევიტყვე; უფრო სწორად, ასე გონებამახვილურად ფორმულირებული აზრი პირველად მოვისმინე და მკითხველამდე მისი მიტანის სურვილიც ამიტომ გამიჩნდა. ვინმე უცხოელს ჩვენი თანამემამულეებისთვის უკითხავს, თუ იცით თქვენი მთავარი ნაკლი რა არისო - იგი არცერთის პასუხს არ დაუკმაყოფილებია და უთქვამს: ქართველებს სამშობლოს დაკარგვის შიში არა გაქვთო!

ჩემი აზრით, ზუსტი შეფასებაა, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ შესანიშნავ მცოდნეს ჩვენი ბუნებისა შესძლებოდა პარადოქსული რეალობის ახსნა: მიუხედავად აღნიშნული შიშის არქონისა, ქართველმა ერმა დღევანდლამდე როგორ მოაღწია ამ ვაგლახ წუთისოფელში? _ თუმცა, შესაძლოა ჩემი ეჭვი უსაფუძვლოც იყოს და პატივცემულმა უცხოელმა, როგორც თავისი სტრატეგიის შემუშავების ან ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით ქართული ხასიათის ზედმიწევნით შემსწავლელმა, ჩვენი გადამრჩენელი სამი წმინდა საუნჯის მნიშვნელობაც კარგად იცოდეს და იმის ხელოვნებასაც ფლობდეს, როგორ შეიძლება მათი ამოშლა ეროვნული ცნობიერებიდან.

ვფიქრობ, მკითხველს არ გაუკვირდება, რომ საქართველოში შემოსული ერთი უცხოელი განვაზოგადე და იმ თვისებებით აღვჭურე, რომელთაც ისინი ქართული ბაზრის ასათვისებლად და ქართველ საზოგადოებაში საკუთარი იდეების დასანერგად იყენებენ. უკვე არავისთვის დაფარული არ არის, რომ დღეს თითქმის ყველა  საერთაშორისო ურთიერთობის საგანს ბიზნესპარტნიორობა, ანუ პირადი გამდიდრების წყაროს მოძიება წარმოადგენს.

ბიზნესისადმი ლტოლვა იმდენად დაუოკებელი გახდა, რომ იგი ამქვეყნიური ტკბობისთვის კაცობრივი ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის დამონებასაც კი ცდილობს. ბიზნესი თავის გაკვალულ გზაზე ქმნის შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც საუკუნოვან კულტურას, სულიერ ღირებულებებსა და ადამიანურ ურთიერთობებს უმოწყალოდ იწირავს. მისი ინტენსიურობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ, ალბათ, ამ ცოდვიან დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფის დადგომამდე მოუღებს ბოლოს!

დღეს გამეფებული ბიზნესის არსენალი უზარმაზარია. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე სახელმწიფოებრივი საზღვრების დადგენა, კანონმდებლობათა შეცვლა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამოწვევაც კი შეუძლია, მის მთავარ სამიზნეს მაინც სულიერი ღირებულებები წარმოადგენს, რადგან ბიზნეს-მონსტრი ძირითადად ადამიანთა ქვენა გრძნობებით საზრდოობს და, ბუნებრივია, სინდისი, პატიოსნება და სარწმუნოება მის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება. მეთოდები, რომელსაც ბიზნესი მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად იყენებს, შემზარავია. გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, ხელოვნური განაყოფიერება, ტრანსგენდერული ოპერაციები, ფერადი რევოლუციები _ არასრული ჩამონათვალია ბიზნესის სამეწარმეო სფეროებისა, რომლითაც იგი თავის იმპერიას ასაზრდოებს.

ამ იმპერიის მმართველმა გუნდმა, რომლის შემადგენლობა არცთუ ისე დიდია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში შემოიტანა ახალი ცნება _ გლობალიზაცია. იგი არ უნდა აგვერიოს ინტეგრაციის ბუნებრივ პროცესთან, რომელიც ეკონომიკის, ინფორმატიკის ან მეცნიერების რომელიმე დარგის განვითარების მიზნით შეიძლება იქნას წარმოდგენილი. ქრისტიან მოაზროვნეთა დაკვირვებით, გლობალიზაცია დასავლელ ფილოსოფოსთა მიზანმიმართული შემოქმედების პროდუქტია, რომელიც მსოფლიო ელიტის სტრატეგიადაა გადაქცეული. მიუხედავად იმისა, რომ "იგი არის ხაფანგი კაცობრიობის ის-ტორიისათვის", მისი მთავარი სამიზნე, როგორც ამაში საქართველოსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უეჭველად გვარწმუნებს, მაინც მართლმადიდებლობის მთავარი ბურჯისკენაა მიმართული.

დასავლური სამყაროს (აშშ, ევროკავშირი) ცნობილი იდეოლოგები რუსეთის ეროვნული დამოუკიდებლობის ლიკვიდაციას პროგრესულ მოვლენად განიხილავენ და მისი საინფორმაციო უსაფრთხოების დარღვევის, ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნისა და თავდაცვისუნარიანობის დაკარგვის მიზნით არაფერს თაკილობენ.

წმიდა მამათა ესქატოლოგიური წინასწარუწყებანი საყოველთაო აპოსტასიის შესახებ თანდათანობით რეალობად იქცევიან. ამიტომ მომავალი დროისთვის გამოთქმული მათი ბევრი აზრი უკვე ამჟამინდელ ვითარებას ასახავს. ერთ-ერთი მაგალითი ამისა თანამედროვე, ე. წ. ცივილიზებული სამყაროს ქრისტიანობისგან გაუცხოებაა, როგორც მორალური, ისე თეოლოგიური თვალსაზრისით. თანდათან დედამიწაზე სულიერი ღირებულებების სულ უფრო ნაკლები დამცველი რჩება, რადგან ახალ მსოფლიო წესრიგს ინტერნაციონალური საბანკო კაპიტალის დიქტატურა განსაზღვრავს. ამიტომ, ვფიქრობ, სწორედ ეს გლობალური ფაქტორები განაპირობებენ ერების ონტოლოგიური საფუძვლების რყევას, რომლებმაც, სხვათა შორის, სამშობლოს დაკარგვის შიში ქართველებსაც გაგვიქრო.

სანამ გლობალიზმის შესახებ საკითხს ძირეულად გავაანალიზებდე, ქართველმა მკითხველმა, თუ იგი რუსთმოძულე და ანტიქრისტიანი არ არის, უნდა გაითვალისწინოს, რომ დღევანდელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე სწორი იმფორმაციის მიღება მხოლოდ და მხოლოდ რუსული სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი. ამის დასტურად, სერბი ანალიტიკოსი ზორან მილოშევიჩი გლობალიზმის თემაზე მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებას გულახდილად გვიზიარებს: "ინფორმაციის წყაროთა მოძიებისას ჩვენ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით, ვინაიდან ანტიგლობალისტურ გამონათქვამებზე დაუფარავი ცენზურა არსებობს, ანუ ანტიგლობალიზმის მხარდასაჭერი საქმიანობა და აზრის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. ამგვარად, გლობალიზმის მოწინააღმდეგე ეკლესიის ბევრ მსახურსა და მართლმადიდებელი ინტელიგენციის წარმომადგენელს თავისი აზრის ცხადად გამოთქმა არ შეუძლია. ამ ფაქტის გამო, ძირითადი ინფორმაცია ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წყაროებიდან მოვიპოვეთ".1

ამ სახის რამდენიმე პუბლიკაცია მეც მოვიძიე და მათ შინაარსს ქართველ მკითხველებსაც გავაცნობ, მაგრამ, ამასთანავე, დავსძენ, რომ მოწოდებული ინფორმაცია სარგებლობის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქნება, თუ წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად საკუთარ ძალისხმევას არ დავიშურებთ და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოსწორებას საქმით, სიტყვით და გულისხმი-სყოფით შეძლებისდაგვარად შევუწყობთ ხელს.

 
                   გლობალიზაცია

თავიდან ეს ტერმინი პოზიტიური პროცესის აღსანიშნავად, საწარმოო და ეკონომიკურ ურთიერთობათა გაუმჯობესების თვალსაზრისით გამოიყენებოდა (ვაჭრობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, კომუნიკაცია და სხვ.). მაგრამ გლობალიზმის ძირითადი პრინციპების ახლებურად გააზრებამ მასში ობიექტური ჭეშმარიტების უარყოფის (რელატივიზმის) ნიშნები და ადრინდელი ჰუმანისტური იდეალებისადმი ფორმალური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ამ თეორიის მიხედვით, "ღია საზოგადოების" იდეოლოგიის შესაბამისად, პრივილეგირებული უმ-ცირესობის წარმომადგენლებს პლანეტის გლობალური რესურსების ("ოქროს მილიარდების") მოხმარებისთვის შეუზღუდავი უფლებები ენიჭებათ. ამგვარი იდეოლოგია კი, თავისთავად, უმაღლესი მორალური ღირებულებების ცვლილებას მოითხოვს და თავისი არსით ქრისტიანულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

გლობალიზმის ერთ-ერთი პოსტულატის მიხედვით, მთელი კაცობრიობა უნივერსალურ ერთობად უნდა გადაიქცეს; ყველა რასა ერთმანეთს უნდა შეერწყას. აქედან გამომდინარეობს იდეა მსოფლიო ხელისუფლების, ერთიანი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც მეთაურად ერთი მსოფლიო მბრძანებელი და ყველა აღმსარებლობის რელიგიური ლიდერი ეყოლება. ძნელი დასანახი არ არის, რომ ამ იდეოლოგიის უკან "თავიანთი ღმრთისმბრძოლი გეგმების რეალიზაციის მიზნით ანტიქრისტეს მსახურები იმალებიან".2

ასევე ფსევდომეცნიერულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ გლობალიზაციის პროცესი აუცილებელი და გარდაუვალია. გლობალიზმის იდეოლოგები ამ თეზისით დროდადრო განაიარაღებენ იმ ადამიანებს, რომელთაც "ახალი მსოფლიო წესრიგის" შემქმნელთა მთავარი მიზნების დანახვა არ შეუძლიათ. ისინი სარგებლობენ ადამიანების უცოდინრობითა და ურწმუნოებით, რადგან საეკლესიო სწავლება ანტიქრისტესა და ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ მათ არ აინტერესებთ.

კიდევ ერთი ცრუ დებულება გლობალიზმისა ისაა, თითქოს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარების შემდეგ ყველა სახელმწიფოსა და ყველა ხალხს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები ექნებათ, ანუ კაცობრიობას საყოველთაო აყვავებისა და კეთილდღეობის ხანა დაუდგება.

თუმცა, სულ სხვა რამეს ამტკიცებს აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკა ერაყის, ავღანეთის, იუგოსლავიის, ლიბანის, სირიისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროს მიმართ. გლობალიზმის მთავარმა იდეოლოგებმა (ბჟეზინსკი, პეჩეი, ზანგერი, კისინჯერი და სხვ.) მართლმადიდებლობა ნომერ პირველ მტრად ოფიციალურად გამოაცხადეს. ამ საკითხზე მხოლოდ ერთ ციტატას დავიმოწმებთ მ. სააკაშვილის ცნობილი მხარდამჭერის, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის "სიბრძნიდან": "პუტინი არა საყოველთაო მსოფლიო ღირებულებების, არამედ მართლმადიდებლობის მიმართ ახდენს ერთგულების დემონსტრირებას, მართლმადიდებლობა კი ისლამურ ფუნდამენტალიზმზე უფრო სახიფათოა და დასავლური ცივილიზაციის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს; ამასთან იმიტომაც, რომ ოჯახურ ურთიერთობათა რეგლამენტირებას ცდილობს და გეებსა და ტრანსგენდერებს მტრობს".3  

რუს ავტორთა მონაცემების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო კონგრესი მილიონობით დოლარს ხარჯავს მარტო იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა დასავლური დემოკრატიის მიღწევებს აზიაროს და ამით შეასუსტოს აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხთა სულიერი ერთობა, რომელიც მართლმადიდებლურ ტრადიციებზეა დაფუძნებული.

                 გლობალიზაციის ალტერნატივა

ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტს აგათანგელოსს აქვს კონცეფცია, რომლითაც იგი აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზას გვთავაზობს: "უწინარეს ყოვლისა, აუცილებლად საჭიროა რუსეთთან გაერთიანება უკრაინისა, ბელორუსიისა, შუა აზიის ხალხებისა და ამიერკავკასიისა,4  რომელნიც ადრე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. შემდეგ კი ამ ბლოკში შეიძლება შევიდნენ ბალკანეთის სახელმწიფოები5  და საბერძნეთი"6.

მსგავსი მოსაზრება სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც არსებობს. მაგალითად, მეუფე ნიკოლოზი (ველემიროვიჩი) მართლმადიდებლობის ფარგლებში ასეთ თანამშრომლობასა და სახელმწიფოებრივ გაერთიანებას მხარს უჭერს. ანა-ლოგიური შეხედულება ჰქონდა რუსეთის ყოფილ პატრიარქს ალექსი მეორესაც, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეებს ახალი სახის აღმოსავლურ-ქრისტიანული კავშირის შექმნისკენ მოუწოდებდა. შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის ალტერნატივა იდეურად ფორმირებულია და მასში მართლმადიდებელი ხალხებისა და სახელმწიფოების ისეთი გაერთიანება იგულისხმება, რო-მელიც არ გამოიყენებს ელექტრონულ კოდებს სამი ექვსიანით,  საფრთხეს არ შეუქმნის ხალხთა თვითმყოფადობას, არ მოსპობს ეროვნულ და ტრადიციულ საგანმანათლებლო სისტემას, უსარგებლო საგარანტო პროგრამებით არ გაფლანგავს ინტელექტუალურ პოტენციალს და ა. შ.

თუმცა "აღმოსავლური კავშირისა" იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლომდე რეალიზებული იგი არასდროს ყოფილა. ძირითადად ყველაფერი ყოველთვის დეკლარაციულ დონეზე მთავრდებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს აქამდე იმდენი პოლიტიკური და სულიერი ძალა არ ჰქონიათ, რომ ასეთი გაერთიანებისთვის მიეღწიათ. ამიტომ იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როცა ზემოთ ხსენებულ ხალხთა სახელმწიფო ორგანოები და პოლიტიკური პარტიები აღნიშნულ (მართლმადიდებლურ) პროგრამებს საკუთარ სამოქმედო პროგრამებად ჩათვლიან.

2004 წლის მაისში რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინისა და ყაზახეთის სახელმწიფოთა მთავრობებმა აღნიშნული იდეის ხორცშესხმისთვის კონკრეტული ზომები მიიღეს: მაშინ მოეწერა ხელი შეთანხმებას ამ სახელმწიფოთა გაერთიანებაზე, რომლის თანახმადაც რუსული რუბლი 2006 წლიდან ყველა სახელმწიფოში გადახდის საშუალება უნდა გამხდარიყო, საზღვრები გაუქმდებოდა, გათვალისწინებული იყო ერთი მოქალაქეობის შემოღება, ანუ მიზანს ერთიანი პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა. ამ პროგრამის ინიციატივა ეკუთვნოდა ბელორუსიის პრეზიდენტს ა. ლუკაშენკოს, ხოლო შემდგომ წამყვანი როლი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვ. პუტინს დაეკისრა. სხვათა შორის, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ფაქტი არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გასაჯაროების შემდეგ დასავლური მასმედია ლუკაშენკოს დაატყდა თავს და იგი დიქტატორად გამოაცხადა.

ბალკანეთისა და განსაკუთრებით სერბ მართლმადიდებელთა შორის "აღმოსავლური კავშირის" იდეას სათანადო მხარდაჭერა არა აქვს, რადგან გლობალისტები მათზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. არსებობს სხვა "წყალქვეშა კლდეებიც": ყველას, ვინც ამ იდეის მხარდაჭერას გაბედავს, ერეტიკოსად აცხადებენ და მასმედია, თავის მხრივ, იწყებს თავდასხმას, რომელსაც დიდი უმრავლესობით გლობალისტები აკონტროლებენ. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ XX ს-ის ბოლოს ყოფილმა იუგოსლავიის სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელორუსიასთან ინტეგრაციის შესახებ, მაგრამ 2000 წელს, სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ეს იდეა დავიწყებას მიეცა, თუმცა ის ოფიციალურად არც არავის უარყვია.


                  გლობალიზმის ადგილობრიბი ადეპტები


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი წარმომადგენლების _ ა. კვიტაშვილის, ე. ზღულაძის, გ. გეწაძის, ზ. ადეიშვილის, მ. სააკაშვილის _ უკრაინის სახელისუფლო პოსტებზე დანიშვნით სრულიად ცხადი გახდა, რომ საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში მოქმედი "ნაცთა" მმართველი გუნდი დანაშაულებრივი საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა. "ნაცების" მიერ გლობალისტური იდეოლოგიით განხორციელებულმა რეფორმებმა მიზანმიმართულად გაანადგურა განათლების სისტემა, მეცნიერების დარგები და კულტურის ცალკეული სფეროები; გარდა იმისა, რომ ხელში ჩაიგდო მედიის ყველა ბერკეტი, განსაკუთრებით ტელევიზიებში ამორალური, ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული სული დაამკვიდრა; არ დარჩენილა არც ერთი ეროვნული სიწმინდე, ძეგლი თუ მემორიალი, გლობალიზმის ადგილობრივი ადეპტების მსახვრალი ხელი რომ არ შეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაცური" ელიტის წარმომადგენლები ყველა ანტისახელმწიფოებრივ დავალებას მონური მორჩილებით ასრულებენ, მათი დაბნელებული სულები მაინც ბედნიერების განცდას ელიან, რომელიც მათ მამონამ უნდა მოუტანოს! მაგრამ, როგორც საქმეს პირი უჩანს, სამშობლოს მტრობა ჩაუშხამდებათ და განაჩენს თავიანთ თავს თვითონ გამოუტანენ. 21-ისთვის დაანონსებული აქცია, მართალია, გლობალისტური წესრიგის აღსადგენად, ანუ ქვეყანაში ქაოსის გამოსაწვევად არის დაგეგმილი, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებს ნაცურ გეენიაში დაბრუნებას და, თუ აუცილებლობამ მოითხოვა, ცოცხიანი კუდიანების თავებზე შეკრებილ ნაკვერჩხალს ნამდვილად გააღვივებს!   

1. Зоран Милошевич, Русская Православная Церков и глобализация, 05.05. 2011.
2.Филимонов В., Но избави нас от лукавого, СПБ., 2004. с. 212. დამოწმებულია ზ. მილოშევიჩის სტატიიდან.
3. Ольга Четверикова, Речь идет о создании антицеркви, 04.02.2015.
4. ე. ი. საქართველოსი , სომხეთისა და აზერბაიჯანისა.
5. ე. ი. ბულგარეთი, ალბანეთი, სერბეთი, ჩერნოგორია და რუმინეთი.
6. Филимонов В., Архипастыри, пастыри и монашествующие Русской Православной Церкви о глобализации и цифровом кодировании людей, СПБ., 2004. с. 28. 

გრიგოლ რუხაძე, პროფესორი

19-03-2015, 11:07
უკან დაბრუნება