ივერიონი / მამუკა გიორგაძე : " საქართველომ 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი"

მამუკა გიორგაძე : " საქართველომ 25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი"

 "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე  მამუკა გიორგაძე  ქართველებისგან სახელდაკარგული  თუ  რუსეთისგან უსახელოდ ანექსირებული  ძველქართული ტერიტორიიისა და  21 მარტის ე.წ. ნაციონალური აქციის  საშიშ პერსპექტივაზე საუბრობს. 

-ბატონო მამუკა, რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს,  დაისაკუთრა თუ არა სამაჩაბლო?

-არც უნდა გავიფიქროთ, რომ ეს კუთხე საბოლოოდ დაკარგულია, თუმცა მისი დაბრუნება ჩვენი სახელმწიფოს შრომაზე, ბრძოლაზე, სწორი პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებაზე, კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და სახელმწიფოებრივ განწყობაზეა დამოკიდებული.  სამაჩაბლოს დაკარგვა დროებითია, რითიც პუტინი მოჭარბებულ ამბიციებს იცხრობს. 

სამწუხაროდ, საქართველომ  25-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც არ იცის, სამაჩაბლოს სამაჩაბლო დაარქვას თუ სამხრეთ ოსეთი. 

 -კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. არის თუ არა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლისა და, ზოგადად,  როგორ უნდა ისჯებოდეს სახელმწიფო საიდუმლოების გამცემი და მიმღები პირი?

-ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა. დასასჯელია ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ორივე მხარეს ექნება თავისი გამამართლებელი არგუმენტები, რითიც ისპეკულიანტებენ, თუმცა ასეთი ქმედების გამეორების აღსაკვეთად, ორივე მხერე დასასჯელია. 

საუბედუროდ, სახელმწიფო ხშირად თვითონ იქცევა უკანონოდ და საკუთარ ჩინოვნიკებს ვერ უჩვენებს სახელმწიფო სამართალიანობას  და კონკრეტული ადამიანების კლანურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებს.

-რას ფიქრობთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი 21 მარტის აქციის შესახებ?

-სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ისე წარმართა საქმეები, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის"  მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მოწყობილ აქციაზე ვსაუბრობთ. ეს აქცია ხალხმრავალი თუ იქნება, ე.ი. ქვეყანაში საქმე კარგად მართლა არ არის. 

მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავეა, მისი  წევრები დღეს პარლამენტში სხედან, გარანტირებული საპარლამენტო ტრიბუნითა და მედიასაშუალებით სარგებლობენ,  და კანონიერადაც, როგორც ამას  "ქართული ოცნება"  ამტკიცებს. ის, რომ ხელისუფლება მას პოლიტიკურად არ აფასებს (ვითომ), სწორედ  ამ ხერხით  ეხმარება. 

 

                                             ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

20-03-2015, 22:53
უკან დაბრუნება