რამოდენიმე თვეა (საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს აფეთქების მომენტიდან), საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება "ნაციონალური მოძრაობის, მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა," კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი თავისუფალ დემოკრატების", „რესპუბლიკელების", "ფორუმის", მათგან კონტროლირებადი "სამოქალაქო სექტორის" წარმომადგენლების გააქტიურების, შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური აქტის შეფასებაა. პრეზიდენტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მკაცრად უარყოფითი შეფასება მისცა ამ ფაქტს.
"აქტიურობამ შედეგი გამოიღო" _ პარლამენტმა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების სურვილად ჩაუთვალოს აღნიშნულ პერსონებს ეს აქტიურობა და აღფრთოვანდნენ კიდეც "ქვეყნის ინტერესების დაცვაში" გამოვლენილი ასეთი თავგამოდებისთვის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სატელევიზიო ვირტუალურ აქტიურობას მოვლენებზე ზემოქმედება არ მოუხდენია _ მგრეველები მშვიდად, წყნარად აგრძელებდნენ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას.
"სამშობლოს ბედზე გულდათუთქულმა" შეთქმულებმა, რომელთა უმეტესობასაც საყდრისის აფეთქებამდე ხელი არ გაუნძრევიათ მის დასაცავად (განსაკუთრებით ეს ითქმის პრეზიდენტზე, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში შეეძლო, მინიმუმ, ამ საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნა და ძეგლისთვის სტატუსის აღდგენისთვის ზრუნვა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებზე, "ნაცმოძრაობაზე" საუბარი არც ღირს), უცებ განიცადეს მეტამორფოზა და ტელეარხები აღარ ჰყოფნით პროტესტისა და მკაცრი განცხადებების გასაკეთებლად – საპარლამენტო კომისიაც კი შექმნეს, რომლის დროში გაწელილი დასკვნა საყდრისის ბედზე ვეღარ იქონიებს გავლებას. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა კომისია არ დააკომპლექტა და საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო.
შეიძლება იფიქრო, აფეთქებამ აუხილა თვალი და ახლა მაინც მოვუწონოთ აქტიურობაო, მაგრამ, ჯერ ერთი, მათი გულწრფელობა დამაჯერებელი რომ გამხდარიყო, ერთხელ მაინც უნდა მოეხადათ ბოდიში ადრინდელი, მინიმუმ, დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას და ერთი მადლობა მაინც ეთქვათ იმ ხალხისთვის, რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში სიცივესა თუ სიცხეში, დარში თუ ავდარში იცავდნენ საყდრისს და, მეორე, არ ჩანს რა უნდათ – საყდრისს იცავენ, საქმე გვაქვს ვითომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან აღნიშნული თემით იაფფასიან სპეკულირებასთან თუ საყდრისის დამანგრეველი კომპანიის ძველ და ახალ მეწილეებს შორის მიმდინარე ბრძოლაში არიან ჩართულნი?! მართლა ქვეყნის ინტერესებს იცავენ თუ შიდასახელისუფლო კლანებს შორის მიმდინარე ბრძოლაში მონაწილეობენ?!
სამწუხაროდ, მათ არ მოსვლიათ აზრად და არც სურვილი გამოუხატავთ გადაედგათ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები მიმდინარე უკანონო სამუშაოების დაუყონებლივ შესაჩერებლად. სახელდობრ, როცა ფიზიკურად ნადგურდება ეს ძეგლი და თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მთელი თავიანთი რესურსი ორგანიზებული აქციის მეშვეობით მიემართათ სამუშაოების შესაჩერებლად, ქართულ საზოგადოებას დასდგომოდნენ გვერდში თავად საყდრისში (როგორც ამას აკეთებდნენ სხვები მთელი წლის განმავლობაში) ან მისი ნგრევის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვითა (ხელმძღვანელთა გადადგომამდე) და პარლამენტში სხვა საკითხების განხილვის ბოიკოტირების გზით ეიძულებინათ ხელისუფლება კომპრომისისკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის საყდრისის გადარჩენა კი არ არის მთავარი, არამედ, საყდრისის თემა გამოყენებული იქნას ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლისთვის!
ამის ნათელი დადასტურებაა კომისიის დააკომპლექტების კენჭისყრის შედეგები, კომისიის დაკომპლექტების საკითხს იმ ადამიანებმა არ დაუჭირეს მხარი, რომლებიც მანამდე მკერდზე მუშტს იბრაგუნებდნენ _ როდესაც თითოეულ ხმას გადანწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საკითხი სხდომაზე მაშინ გაიტანეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფებოდა, თინა ხიდაშელი (როგორც პრესიდან შევიტყვეთ), ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში ლექციას კითხულობდა (რა გულისამაჩუყებელი მზრუნველობაა მომავალ თაობაზე), ლევან ბერძენიშვილი, რომელიც კომისიის წევრად იყო წარდგენილი "შეუძლოდ გამხდარა და სახლში წასულა, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც იმ დღეს პლენარულ სხდომას უძღვებოდა კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდა და ა. შ., უძველესი კულტურული ძეგლის "ხმალჩაუგებელი დამცველები", ცნობილი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს: "ზოგი საქეიფოდ ბრძანდებოდა, ზოგი უქეიფოდ", თუმცა კენჭისყრის შემდეგ კვლავ რიხიანად აცხადებდნენ: "ამ საკითხს არ მოვეშვებით. სანამ პარლამენტი არსებობს, ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იქნება, რადგან მთავრობას და უმრავლესობას ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი თანმიმდევრული არ არის და ყველას ყველაფერი ერთ კვირაში ავიწყდება".
აღსანიშნავია ისიც, რომ საყდრისზედ "მგლოვიარე" ზემოთნახსენები პოლიტიკური ძალები პასიურნი არიან სხვა ვანდალური აქტის მიმართ – კრინტსაც არ ძრავენ საყდრისის შეუსწავლელ ნაწილზე, ქმედება არ განახორციელეს ქარელის რაიონში საავტომობილი გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების კარიერის დამუშავებისას ძირფესვიანად მოითხარა 6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი "ბერი კლდეების" ყორღანები და განადგურდა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები, როგორც ჩანს, აქ ინტერესების საკითხი გარკვეულია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ გავაფრთხილოთ ქართული საზოგადოება, ზემოთ მოყვანილი შეხვედრა-კონსულტაციები, მკაცრი, რადიკალური განცხადებები და უნიათო ქმედებები მხოლოდ სხვადასხვა კლანებს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულებაა და ძალიან ჰგავს ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის მცდელობას შორს მიმავალი გეგმებით, ისევ და ისევ გამიზნულს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მასში არაჯანსაღი პოლარიზაციისა და ურთიერთდაპირისპირების გასაღვივებლად. იდეებისა და ხედვების კონკურენტული გარემოს შექმნის ნაცვლად პროცესების ხელოვნური ესკალაციისკენ გადასამისამართებლად.
თავისთავად, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უდიდესი დანაშაულია, მაგრამ ასევე არანაკლები დანაშაულია, ძეგლის განადგურებისთვის შესაბამისი ქმედითუნარიანი წინააღმდეგობის არ გაწევა და ამ ვანდალური ფაქტის პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მარტო ამ საეჭვოდ დაგვიანებული ინიციატივების ავტორებს, არამედ მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას, უნიათო ქმედებებისა და პოლიტიკური ნების დეფიციტის გამო, როგორც კიდევ უფრო დიდ დანაშაულში თანამონაწილესა და თანამზრახველს.
მამუკა გიორგაძე, ჯემალ გუნდიშვილი, პაატა კოღუაშვილი, მიხეილ ჯიბუტი.