ივერიონი / ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

"ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური", -აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ  ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

"ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება საკითხის ფუნდამენტურად გადაჭრას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების აღდგენით. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები აღიარებული და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - აღნიშნა ქადაგიძემ.


21-03-2015, 10:18
უკან დაბრუნება