ექსპერტი სოსო ცინცაძე "ივერიონს" მოუსყიდველი მომიტინგეების სამართლიან პროტესტზე, ტუალეტის ქაღალდების ეკონომიით გაძლიერებულ ეკონომიკასა და მუშტი-კრივის გარეშე დარჩენილ მოსეირეებზე ესაუბრა.
ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილ აქციას, საკმარისი იყო თუ არა იქ შეკრებილ მომიტინგეთა მოწოდება ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად?
-ჩემი აზრით, ამ აქციაზე არ იყვნენ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, აქ იყვნენ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო ადამიანებიც. სწორედ ამიტომ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეარჩია სწორი ლოზუნგები - თითოეული გამომსვლელი თუ აქციაზე მისული ადამიანი (რაც ინტერვიუებიდანაც მოვისმინე), უჩიოდა უმუშევრობას, შიმშილს, მაღალ ფასებს. ეს იყო სოციალური პროტესტის გამომხატველი აქცია, რომელიც სათანადოდ უნდა შეფასდეს ხელისუფლების მიერ, რადგან ტუალეტის ქაღალდების კოსმეტიკური ეკონომია საკმარისი არ არის!
აქციაზე არც მოსყიდული ხალხი მდგარა, 10-15 ათასი კაცის მოსყიდვა გამორიცხულია, ეს არავის შეუძლია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. აქციაზ ასეთი ხალხმრავლობა "ნაციონალური მოძრაობისთვის " დიდი სტუმულია კატასტროფული დამარცხების შემდეგ. ეს არ იყო გარდამტეხი და სტრატეგიული წარმატება, მაგრამ ე.წ. შედარებითი წარმატება იყო. პრემიერ - მინისტრმა ღარიბაშვილმა დღევანდელ აქციას დროებითი კი უწოდა, თუმცა 15 ათასი მომიტინგის შეკრება იოლი როდია! ეს ცოტა არ არის! ეს აქცია დროებითი მაშინ იქნება, ხელისუფლება თუ გამოფხიზლდება, რადგან ერთ-ერთი კრახი და წარუმატებლობა უკვე განიცადა, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხზე უარი გვითხრა. ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს, ადრე შევარდნაძეს უთხრეს უარი, თუმცა 1 თვეში მაინც მისცეს. ახლა ისღა დარჩენია ხელისუფლებას, შიდარესურსები მოიზიდოს ან რუსეთის მსგავსად პარლამენტართა ხელფასები 10-20-%-ით, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯები 50%-ით შეამციროს. დღეს სამინისტროს ვერ ნახავთ საქართველოში, მივლინებით 10-15 კაცს რომ არ აგზავნიდეს უცხოეთში. რას აკეთებენ იქ, არავინ იცის. ან რა აუცილებელია, საქართველოსთანა ღატაკ ქვეყანაში ჩამოსული სტუმარი იტალიურ სავარძელში ჩასვა?
დღევანდელმა აქციამ მშვიდად ჩაირა, თუმცა პროვოკაციებზე, სამოქალაქო დაპირისპირებასა და სავარაუდო მსხვერპლზეც ბევრს საუბრობდნენ. რამ განაპირობა დღევანდელი სიმშვიდე?
-ბოლო ხანებში საქართველოში სიძულვილი კულტივირდება. "თავისუფალი ზონა" და "თავისუფალი თაობა" ისე გაბოროტებულან, დანა რომ მისცეთ, ყელს გამოსჭრიან ერთმანეთს. დღეს ხელისუფლება ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, რადგან ვითარება არ დაძაბა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამხედრო პოლიცია არ გამოიყვანა.
ხელისუფლების მხარდასაჭერად გამართული აქცია იყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული აქციის გამაბათილებელი?
-ხელისუფლების მხარდასაჭერად გამართული აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული აქციის გამაბათილებელი და საპირწონე ვერ გამოდგა. კარგი ის იყო, რომ ეს ორი აქცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მოეწყო, რადგან მუშტი-კრივი აიცილეს თავიდან, რომლის მსურველები ბლომად გამოჩნდებოდნენ.
ესაუბრა ია ჯღარკავა