დედაქალაქის მერია კომპიუტერული სისტემის განახლებაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავებისა და სხვა აქსესუარების, ასევე ქალაქ თბილისში ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სცენებით, საგრიმიორებით, კულისებით და გასახდელებით მომსახურებაზე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. სატენდერო ინფორმაციის მიხედვით, ტენდერი 18 მარტს გამოცხადდა. ქალაქ თბილისში ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სცენებით, საგრიმიორებით, კულისებით და გასახდელებით მომსახურება ორ სატენდერო ნაწილად იყოფა. პირველ შემთხვევაში ბიუჯეტიდან 153,776 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 736, 306 ლარია გათვალისწინებული. კომპიუტერული სისტემის განახლებას, მერიის ბიუჯეტიდან 7 ცალი მაგიდის კომპიუტერის შესაძენად 19,810 ლარი მოხმარდება, სათადარიგო კარტრიჯებს კი 28.000 ლარი. რაც შეეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილებისთვისა და აქსესუარებისთვის გათვალისწინებულ თანხებს-თბილისის მერია ბიუჯეტიდან აღნიშნულისთვის 83,230 ლარს გამოყოფს.
თბილისი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების მიზანშწონილობაზე "პირველ რადიოსთან" ,,მონიტორინგის ცენტრ-მედიატორის" -დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. მისი თქმით, მაშინ როდესაც თბილისში სხვა უამრავი პრობლემა დგას, მერის აღნიშნული გადაწყვეტილება არაადეკვატურია.
"ქალაქ თბილისში ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სცენებით, საგრიმიორებით, კულისებით და გასახდელებით მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი ორ ნაწილად იყოფა და ჯამში არის ერთი მილიონის ტენდერი გამოცხადებული და სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს ტენდერი ემსახურება საახალწლო ღონისძიებების მოწყობასაც. ვფიქრობ, რომ მაშინ როდესაც დედაქალაქში სხვა გამოწვევები დგას, ეს ტენდერი არის არაადეკვატური. მაშინ როდესაც დედაქალაქის მთავრობა ამბობს, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიყვება ეს არის პრობლემა. დედაქალაქის მერიას მსგავს მომსახურებაზე ხელშეკრულება უკვე აქვს გაფორმებული და შესაბამის თანხებსაც იხდიან, რა საჭიროა არის ეხლა ამ წუთისთვის, რომ დაახლოებით ერთი მილიონი დაიხარჯოს სცენის, საგრიმიოროს და კულისების მოსაწყობად გაურკვეველია. მერიას ასევე გამოცხადებული აქვს ტენდერი 83 ათასი ლარის ღირებულების საუბურავების შეძენაზეც, დაახლოებით 43 მანქანაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ესეც არანორმალურია , მაშინ როდესაც თავიანთი დეკლარირებული პოზიციაა, რომ ქამრების შემოჭერა უნდა მოხდეს. ეს ნორმალური იქნებოდა მაშინ, დედაქალაქის მოსახლეობას სხვა პრობლემები,რომ არ ჰქონდეს, მაგალითად გზის პრობლემა. სოციალურად დაუცველებზე ახალი კანონი შემოაქვთ, რომ თუ სოციალურად დაუცველს, სახლში ძაღლი ან კნუტი ჰყავს, მას ავტომატურად მოეხსნება სოციალური დახმარება. მე ვფიქრობ, რომ თბილისელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს პრობლემები რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ, ვიდრე საბურავები და საგრიმიოროების მოწყობა და ყიდვა. გარდა ამისა მერია, ერთი წლის შემდეგ კიდევ აპირებს ტექნიკის განახლებას, ერთი წლის წინ მერიაში ახალი კომპიუტერები შეიძინეს, დღეს კი ტენდერია გამოცხადებული ასევე კომპიუტერების შეძენაზე. ეს ტენდერიც რამდენიმე ნაწილად აქვთ დაჩეხილი, 13 ათასი ლარის ღირებულების, 28 ათასი ლარის ღირებულების, ასევე სამგორის გამგეობა 34 ათასი ლარის ახალ კომპიუტერებს და ტელევიზორებს ყიდულობს. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს და ვფიქრობთ, რომ საერთოდ არ პასუხობს ეს ყველაფერი იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში არსებობს,"- განაცხადა ხაბეიშვილმა
წყარო: „პირველი რადიო“