ივერიონი / გიორგი ლაღიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ამბიციები აქვს და მის განხორციელებაში "ქართული ოცნება" ეხმარება!

გიორგი ლაღიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ამბიციები აქვს და მის განხორციელებაში "ქართული ოცნება" ეხმარება!

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული აქცია იყო ძალის დემონსტრირება, მათ საზოგადოებას აჩვენეს, რომ ყავთ სტაბილური მხარდამჭერები-ამის შესახებ პარტია "მომავალი საქართველოს" ხელმძღვანელმა გიორგი ლაღიძემ "ივერიონის" პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. 

"როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა რაოდენობის ადამიანმა მოიყარა თავი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, ქილიკის დროს ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რომლებიც სახლებში დარჩნენ, "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს.  ფაქტი სახეზეა-მმართველი ძალა ყოველდღიურად კარგავს ამომრჩეველს, რაც საბოლოოდ მათთვის სრული პოლიტიკური კრახით დამთავრდება,"- აცხადებს გიორგი ლაღიძე. 

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტისათვის პროცედურის დაწყებას, პარტიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია, ხოლო პრაქტიკულად, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.  

"ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ თამამი ამბიციები აქვს, ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას და პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ამ ეტაპზე მათ არ აქვთ საკმარისი ხმა ამ პროცედურის დასაწყებად. მოქმედი კანონმდებლობით ეს პროცედურა არის საკმაოდ რთული და დროში გაწელილი, ამას შესაძლოა დასჭირდეს საკმაო დრო, მე არ ვიცი ეს რამდენად ეფექტურად მოხერხდება, მაგრამ ფაქტია,  მის რეალიზებაში თავისი მოქმედებით ხელს უწყობს "ქართული ოცნება". 

 

24-03-2015, 15:29
უკან დაბრუნება