საქართველოს მოსახლეობის ნდობა მთავრობის მიმართ 21 პროცენტით შემცირდა. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" IRI-ს წარმომადგენლებმა მონაცემები გუშინ საღამოს ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც გააცნეს. თავად პარტიის რეიტინგმა გამოკითხვით 36 პროცენტი შეადგინა.
ახალი კვლევის შედეგები მისაღებია უმრავლესობისთვის. მონაცემებს იზიარებენ თავისუფალი დემოკრატებიც. ალასანიას თანაგუნდელები მონაცემებს კოალიციის მსგავსად უკვე გაეცნენ. ნაციონალურ მძორაობაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკურ რეიტინგს და კვლევის შედეგს საბოლოოდ არჩევნები აჩვენებს.
IRI-ს კვლევის შედეგებს პარასკევს გამოაქვეყნებს, "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:
ქართული ოცნება - 36 პროცენტი, ნაციონალური მოძრაობა - 14, თავისუფალი დემოკრატები -10, ლეიბორისტულები - 6, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს ხუთ-ხუთი პროცენტი აქვთ.
რაც შეეხება ლიდერებს, ყველაზე დიდი ნდობით გიორგი მარგველაშვილი და დავით სერგეენკო სარგებლობენ, მათ 62 პროცენტი აქვთ, ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილს ორივეს 57 და პრემიერ-მინისტრს 56 პროცენტი. დავით ნარმანიას მუშაობის შეფასებისას კი გამოკითხულთა 66 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, 23 პროცენტი მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მისი მუშაობით გამოკითხულთა მხოლოდ სამი პროცენტია კმაყოფილი.