ჟურნალისტი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
"მალე 45 წლის ვხდები. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემსავე ქვეყანაში ისე გადის, რომ... მუდმივ ტყუილში მახრჩობენ. ჩემი თაობის ნაწილი, უბრალოდ, დაიღალა ცივი კედლების ამაო მტვრევით და... ან ოთახში ჩაიკეტა, ან უცხოეთში გადაიხვეწა. ვინც არ გატყდა, ომობს... და ისეთ მანქანას უპირისპირდება, მტრისას... აქ თეთრზე ვერ დაამტკიცებ, რომ თეთრია. საპირისპიროს კი, ისე ცინიკურად გახვევენ თავს, რომ ზიხარ და ფიქრობ: ან მე ვარ იდიოტი და არაფერი მესმის, ან ტყუილთან შეგუებას გაიძულებენ. შეეგუები თუ არა, უმალ მისაღები ხდები. გაღიარებენ!!! არ შეეგუები და გიჟად გამოგაცხადებენ, რომელსაც საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. ტყუილის ისეთ განზომილებაში გიბიძგებენ შესვლას, რომელიც სრულიად აცდენილია რეალობას. შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ შრომობ, წვალობ, იბრძვი, მაგრამ შედეგს ვერ აღწევ. სხვა გჯობნის. ესეც ტყუილის ფორმაა. შენი საბოლოო გატეხვისკენ მიმართული, რომ ხელი ჩაიქნიო... გაშორდე ჯერ საჯარო სივრცეს, მერე იმ სივრცეს, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია. წახვიდე მონად საბერძნეთში ან იტალიაში და მოხუც ბებიას წმინდო ბებერი უკანალი. შენს ქვეყანაში კი, ადგილი გათავისუფლდება "წარმატებულებისთვის", რომლებსაც ტყუილი სულსა და სხეულში აქვთ გამჯდარი. ყველას გეკითხებით: არის ამ ქვეყანაში შანსი, რომ დაინგრეს ტყუილის კედლები? არის ამისი ნება და სულისკვეთება? და როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე? ღრმადმორწმუნე უნდა იყოს კაცი, რომ ამას გაუძლოს და მოერიოს", - წერს ინაშვილი.