ივერიონი / გიორგი ქადაგიძე: შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სავალუტო შემოდინებების აღდგენაა

გიორგი ქადაგიძე: შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სავალუტო შემოდინებების აღდგენაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ საჭირო და აუცილებელია, აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები აღმოიფხვრას, რომლებმაც ლარის გაცვლის კურსზე გავლენა მოახდინა.

"უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის მიმართული, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, მოგეხსენებათ, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს მანდატი როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იქნება შესრულებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი და თანმიმდევრული.  ქადაგიძემ განაცხადა, რომ იმპორტი აუცილებლად გააკეთებს კორექტირებას, ვინაიდან, ახალი წერტილი და ახალი წონასწორობის ნიშნული არის ჩვენს საგადამხდელო ბალანსში.

"იმპორტმა ზრდა შეაჩერა და ველოდებით, რომ მომდევნო თვეებში  ახალ ნიშნულს მივიღებთ, რომელიც  ფაქტობრივად ახალი წონასწორობა იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გამყარება შესაძლებელია. ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება.

"რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ლარი გამყარდეს - ეს შესაძლებელია. თან ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებებს. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. რაც მთავარია, ჩვენ ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


25-03-2015, 13:10
უკან დაბრუნება