ივერიონი / რატომ უარყოფს ირაკლი ალასანია სააკაშვილთან შეხვედრას?

რატომ უარყოფს ირაკლი ალასანია სააკაშვილთან შეხვედრას?

"23 მარტის "ქრონიკაში" გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით: "რაზე შეთანხმდებიან სააკაშვილი და ალასანია ბრიუსელში?" სადაც საუბარი იყო იმაზე, რატომ მიმართა 21 მარტს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ "ნაციონალებს" და მათ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან და რატომ გაემგზავრა წინა დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბრიუსელში. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ისინი ბელგიის დედაქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ და მოილაპარაკეს, როგორ შეუტიონ დღევანდელ ხელისუფლებას ერთიანი ძალებით. იმავე წყაროს თქმით, ასეთი რამ არ ხდება შემთხვევით, დღეს უკვე აქტიურად მიმდინარეობს "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალების" მოლაპარაკებები, რასაც ასევე ახლოდან აკვირდებიან "რესპუბლიკელები", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რამდენჯერ უარყო ალასანიამ სააკაშვილთან შეხვედრა და რამდენი გამართლდა.

 

"ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პირველმა თავი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა და ირაკლი ალასანიას ამჟამინდელმა თანამებრძოლმა, საზოგადოებაში "მტირალა კაცად" წოდებულმა გია ცაგარეიშვილმა გაიგიჟა. "ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა", ორივე ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე, ყველა საშუალებით ცდილობს, როგორმე ჩვენი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოახდინოს. ეს არის მათი უახლოესი სანუკვარი მიზანი. მუდმივად ვრცელდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე სახის კონსულტაციები გავმართოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს, რა თქმა უნდა, შეგნებულად კეთდება, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" ტალახი ესროლონ და თავის მართლების მდგომარეობაში ჩაგვაყენონ. არავითარი საიდუმლო კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ქართველი ხალხის ზურგს უკან არ მიმდინარეობს. ეს არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი. ვის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ეს გეგმა, მე ნათლად წარმომიდგენია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

"როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა და ირაკლი ალასანია დასვა თავდაცვის სამინისტროში, პირველი დღეებიდანვე შეიქმნა პრობლემა ირაკლის ვოიაჟებთან დაკავშირებით - ჯერ იყო დუბაი, ფარული შეხვედრები "ნაციონალებთან", ხოლო შემდეგ საფრანგეთი გიგი უგულავას ცოლის დაქალების თანხლებით და ასევე ფარული შეხვედრები "ნაციონალებთან". ჩვენ ამაზე მაშინაც ვწერდით და სწორედ ამავე ფორმით მოდიოდა უარყოფითი "მესიჯები", სანამ ამ ყველაფერს წერტილი არ დაუსვა თავად ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. როდესაც მინისტრი ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ფარული შეხვედრიდან დაბრუნდა, მაგიდას ამაყად მიუჯდა და საკუთარ თავს 86 ათასი ლარი პრემია გამოუწერა, საკუთარი თავი დააჯილდოვა ჩვენს ხარჯზე. მაშინ ხმა არავის ამოუღია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს", - წერს სტატიის ავტორი.

 

"24 მარტს ღამით ბრიუსელიდან "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართულმა ირაკლი ალასანიამ ისე აქო და ადიდა 21 მარტის აქცია, თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი შეშურდებოდა. მისი თქმით, ეს იყო არა "ნაცმოძრაობის" ხუშტურები, არამედ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრის გამოხატულება და ასევე, დასძინა, რომ როდესაც მისი პარტია მოვა ხელისუფლებაში და თვითონ კი გახდება პრეზიდენტი, წერტილი დაესმება დაპირისპირებას და იქნება სრულიად ჰარმონიული ცხოვრება. მას საერთოდ არ უხსენებია "ნაცმოძრაობის" მიერ დედანატირები არც ქვეყანა და არც დაზარალებული მოსახლეობა. როგორც ჩანს, ირაკლის ავიწყდება, რას ითხოვს ქართველი ხალხი", - დასძენს სტატიის ავტორი.

წყარო: „ექსკლუზივნიუსი“

25-03-2015, 14:13
უკან დაბრუნება