ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი - მეუღლე ია კიწმარიშვილი და შვილები ლუკა, ანა და თეკლა კიწმარიშვილები რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროსი კიწმარიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბრალი დასდო კიწმარიშვილს ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ამ დრომდე გააზრებულად ვინარჩუნებდი დუმილს და თავს ვიკავებდი ნებისმიერი სახის საჯარო განცხადების გაკეთებისგან, რადგან საქმის გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის საჯარო განცხადება შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც პოლიტიკური ხასიათის და ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინა გამოძიების პროცესზე.
ჩვენ, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, მივიჩნევთ, რომ ისეთი გავლენიანი პირის განცხადება, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, აღიქმება როგორც ზეწოლა მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო დავებზე.
მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს, ატარებს ღირსების შემლახველ ხასიათს და ბოლოს და ბოლოს, არღვევს ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმას გარდაცვლილი ადამიანის აუგად არმოხსენიების შესახებ.
ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება "რუსთავი 2"-ის და "მაესტროს", როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.
მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ განმეორდება მომავალში.
აღვნიშნავთ, რომ მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას და სიმართლის დადგენას ეროსის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეში", - აღნიშნულია კიწმარიშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
"რა დღეში იყო მედია, როგორი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი და როგორ იყო მართული ყველა მედია. "მაესტროც" მართული იყო. მაშინ ფსევდოოპოზიციურობა დავწამე "მაესტროს" და აბსოლუტურად გამართლდა ყველაფერი. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა "მაესტროდან" და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.