ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი: "პროკურატურა წარმოადგენს ინსტრუმენტს ბინძურ პოლიტიკურ თამაშში რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეწევა

ალექსი პეტრიაშვილი: "პროკურატურა წარმოადგენს ინსტრუმენტს ბინძურ პოლიტიკურ თამაშში რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეწევა

"თავისუფალი დემოკრატების" პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის "გატაცებასა" და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. სპეციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს. „თავისუფალი დემოკრატები" ავთანდილ გუმთაიშვილზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

 

"ყოველგვარი ზღვარგადალახული მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა, სამწუხაროდ ის წარმოადგენს ინსტრუმენტს იმ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დეფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი. განხორციელდა ზეწოლა იმ მიზნით, რომ დაცვას შეუსუსტდეს არგუმენტები პირველ აპრილს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის. ჩვენ მივმართავთ დეფაქტო პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მის უმოქმედო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანებზე წნეხის განხორციელება. პოლიტიკური ბრძოლის ყოვლად დაუშვებელი მეთოდებით, ბრძოლა განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ლიდერების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ბრძოლა განწირულია მარციხსთვის, ეს ხელისუფლება განწირულია კრახისთვის, ხოლო კაბელების საქმე ჩამოშლისთვის,"-განაცხადა პეტრიაშვილმა.

25-03-2015, 20:51
უკან დაბრუნება