ტრაგედიად არ აფასებს პარლამენტარი კვლევის შედეგებს იმ ასპექტში, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 62%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია IRI-ის კვლევებს. ქანთარიას თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, შექმნას ტრაგიკული სურათი. არაფერი არ ხდება, არის ძალიან ნორმალური მდგომარეობა. "ქართულ ოცნებას" 36 %-იანი რეიტინგი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო ის იქნებოდა, 80 % რომ ჰქონოდა. ხელისუფლება მუდმივად იქნება კრიტიკის რეჟიმში საზოგადოების მხრიდან- ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა. ჩვენ გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური შეცდომებით... ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. ეს არის პროცესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენ კუნძულზე არ ვცხოვრობთ და არც ის ვიცოდით, რომ მეზობლებს "ცეცხლი წაეკიდებოდათ". მსოფლიოს გადახედეთ, ყველგან კრიზისია. დიდ ბრიტანეთშიც კი კრიზისია და ინფლაცია მოხდა. ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი. ჩვენს გვერდით რეგიონებში უფრო საშინელება ხდება. ჩვენთან კი გაცილებით მყარი მდგომარეობაა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცდილობთ, რომ შენარჩუნდეს არსებული ვითარება. მთავარია, ჩვენი ხელისუფლება გამოწვევებს მტკიცედ ხვდება", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
წყარო:„პირველი რადიო“