ივერიონი / დავით მეჭურჭლიშვილი: "განათლების სამინისტრომ დირექტორსა და პედაგოგებზე შანტაჟისა და პოლიტიკური დევნის მესამე ტალღა წამოიწყო"

დავით მეჭურჭლიშვილი: "განათლების სამინისტრომ დირექტორსა და პედაგოგებზე შანტაჟისა და პოლიტიკური დევნის მესამე ტალღა წამოიწყო"

თბილისის 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით მეჭურჭლიშვილი განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს განცხადებით მიმართავს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

ქალბატონო თამარ: 

გაცნობებთ, რომ მ/წ 18 მარტს 12 სთ. როდესაც ჩანიშნული იყო ჩემი სასამართლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა 116-ე საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც მოითხოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას, საზოგადოების ნაწილი იმყოფებოდა სასამართლოს დარბაზის მოსაცდელში. სამინისტროს იურისტებს თან ახლდა ტელეოპერატორი, რომელიც პროჟექტორის პირდაპირი დამიზნებით, შეკრებილი მოქალაქეების თანხმობის გარეშე ახორციელებდა მათ ტელეგადაღებას, უკმაყოფილო მოქალაქეების მიერ გამოძახებული მასმედიის გამოჩენისთანავე მან დატოვა ტერიტორია. ამავე დროს, ამავე საათზე სამინისტროს შიდა აუდიტის ჯგუფი ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეიჭრა სკოლაში და ჩაატარა მონიტორინგი.

 

ასევე სკოლამ 26.03.15 რიცხვში მიიღო მითითება ერთი წლის წინ 31.03.14 რიცხვში ქალაქში, სკოლის გარეშე ტერიტორიაზე თანაკლასელთა ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, ეს ფაქტი სკოლამ ერთი წლის წინ შეატყობინა პოლიციის განყოფილებას, მისცა დისციპლინური სახდელები მოსწავლეებსა და დამრიგებელს. დღეს ამ კონფლიქტის მონაწილე თანაკლასელები სხედან ერთ მერხთან, მეგობრობენ და აღარ ახსოვთ ძველი კონფლიქტი! სამინისტროს შიდა აუდიტი კი ახლა ითხოვს ღონისძიების გატარებას?!!! /ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური ვადა 3 თვეა!!!.

 

ავღნიშნავთ, რომ ეს საქმე ახლა "გააცოცხლეს", ახლა შეკერეს ერთი წლის შემდეგ რასაც ადასტურებს მასში მოყვანილი ახლანდელი მანდატურების მოხსენიება /მ. ხორგუაშვილი, ნ. პაპიძე/ რომლებიც მაშინ მანდატურებად საერთოდ არ მუშაობდნენ და ახსნა-განმარტებასაც საერთოდ ვერ მისცემდნენ!

ეს ფაქტები ადასტურებს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსმა ა. ონოფრიშვილმა წამოიწყო სკოლაზე, დირექტორსა და პედაგოგებზე დაუფარავი შანტაჟისა და პოლიტიკური დევნის მესამე ტალღა დირექტორის გათავისუფლების მიზნით. სწორედ ამიტომ ხდება "არქივიდან" "ნაფტალინიანი" საქმეების ამოწევა და შთაბეჭდილების შექმნა უფლებადამცველიორგანიზაციისთვის რომ სკოლაში, რომელიც საგანმანათლებლო ბაზრის ლიდერია და გამოირჩევა მაღალი აკადემიური შედეგებითა და ჯანსაღი კორფორაციული კულტურით ყველაფერი ცუდადაა!

თქვენ გაღიზიანებთ სასკოლო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა საკუთარი დირექტორისადმი და ცდილობთ ამ საზოგადოების დაშანტაჟებასა და დაშინებას სხვადასხვა ფორმით! 

თქვენი მიზანია სასამართლომდე გაათავისუფლოთ დირექტორი, რომელიც თქვენს ახირებას  უფლებადამცველ პედაგოგ ფერაძის სამსახურიდან უპირობო გათავისუფლების მოთხოვნაზე არ ასრულებს!

საინტერესოა უფლებადამცველი პედაგოგის გათავისუფლების შემთხვევაში რა მესიჯს უგზავნით 70 000 გაჭირვებულ პედაგოგს, რომელთა უფლებასაც იცავს ეს მასწავლებელი და რომლის სახელიც ყველა მასწავლებელს პირზე "აკერია"! პედაგოგებს (რომელთა რეალური ხელფასი ახლა საარსებო მინიმუმს გაუტოლდა!) ამით თქვენ ალბათ გსურთ უთხრათ რომ თუ ისინი ხმას ამოიღებენ, მათაც იგივე ბედი ეწევათ როგორც დ. ფერაძეს! 

რას ეუბნებით სასკოლო საზოგადოების 5000 წევრ მოქალაქეს მათი სასურველი დირექტორის გათავისუფლებით! რომ ეს დაპირებული, არნახული დემოკრატიის ზეიმია?! თუ პოლიტიკური დევნა სამართლიანობის აღდგენაა?!

დემოკრატია თითოეული მოქალაქის აზრის პატივისცემასა და გათვალისწინებას გულისხმობს, მაგრამ თქვენ სამწუხაროდ საზოგადოებრივ აზრს პატივს არ სცემთ, ამიტომაცაა რომ სამინისტროს რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. გაუგებარი და სამწუხაროა რომ თქვენ კვლავ აგრძელებთ საზოგადოებასთან უაზრო კონფრონტაციას და საკუთარი პერსონისმარგინალიზაციის პროცესს!

პატივისცემით, 

116-ე საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ                            

დ. მეჭურჭლიშვილი

 

27-03-2015, 17:32
უკან დაბრუნება