„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე
-რა აზრის ხართ პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრის გუშინდელ დღეზე?
- თუ გეტყვით, მისმა გამოსვლამ ოპტიმიზმი ჩამინერგა ან უფრო ოპტიმისტი გავხდი, ვიდრე გუშინ დილით ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. მის გამოსვლაში მთავარი მაინც ერთი რამ იყო - პრემიერი ჟურნალისტებთან კონფრონტაციის გზას დაადგა, რომელზეც შეიძლება ფეხი დაუცდეს. კაცობრიობის ისტორიაში, ძველი რომიდან დაწყებული, ჟურნალისტებს ღარიბაშვილივით არავინ დაპირისპირებია. სააკაშვილს მათთან ურთიერთობის სხვა სტილი ჰქონდა, მართალია, ის არც ერთ ქართულ გაზეთს არ კითხულობდა და ასე გამოხატავდა იგნონრირებას, მაგრამ კონფრონტაციისგან ყოველთვის თავს იკავებდა. ჟურნალისტებთან კონფრონტაციას სათავე ივანიშვილმა დაუდო. მართალია, “რუსთავი 2“ ოპოზიციური ტელევიზიაა, მაგრამ საქართველოში ღარიბაშვილ-ივანიშვილის მთავრობის მოსაწონი სხვა გაზეთი და ტელევიზიაც არ არსებობს. აბსოლუტურად მიუღებელია პრემიერის მიერ ჟურნალისტებისთვის იმის დაბრალება, თითქოს ისინი თეთრს შავად წარმოაჩენენ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა დამაჯეროს ჟურნალისტმა თავისი სტატიით, რომ მაძღარი ვარ, როცა მშია ან პირიქით? თეთრი შავად როგორ უნდა აჩვენოს ჟურნალისტმა, თუ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა?! მდიდარი ხალხის- კალაძის, ღარიბაშვილის და ყოფილი პრემიერის გარემოცვა ნეპოტიზმის წყალობით რომ მაძღარია და ხალხს კი ასე ძალიან უჭირს, რად უნდა ამას “თეთრის შავად წერა“?
-რა მოგეწონათ და რა - არა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში?
- არ მომეწონა მისი მაჟორული ტონი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ღარიბაშვილზე უკეთ ვიცი მსოფლიოში რაც ხდება, ისიც, რომ საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი გაბატონებულია, არაპროფესიონალიზმი და გამაოგნებელი მასშტაბის ნეპოტიზმი ყვავის (ამ საკითხებს განგებ აუარა გვერდი პრემიერმა). არაფერი თქვა თბილისის შესახებ, რომელსაც მეფის რუსეთის დროს რევოლუციამდე სომეხი თავები ჰყავდა და უკეთ მართავდნენ ქალაქს, ვიდრე ნარმანია მართავს, რომელსაც ჯერ ხატისოვების მეასედიც არ გაუკეთებია. (ნარმანია სან-ზონაში რომ დატოვო, მერიამდე ვერ გაიგნებს გზას მარტო).
მომწონს მისი ხშირი შეხვედრა ჟურნალისტებთან.
-ტ/კ “თრიალეთის“ მხრიდან მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ მისი ჟურნალისტის დატუქსვას და მიაჩნია, რომ ეს იყო მედიაზე აშკარა ზეწოლა. როგორი იქნება თქვენი კომენტარი?
-რასაკვირველია, ეს მედიაზე თავდასხმა იყო, სააკაშვილი და შევარდნაძე, აშკარად, უფრო კორექტულად იქცეოდნენ. ღარიბაშვილს უნდა ეთქვა, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის ბრალეულობას გამოიძიებდა. ( არადა ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფერსაც არ გამოიძიებდა და ეს საქმე 2 კვირაში დაავიწყდებოდა ყველას), მან კი ერთი “ხორკლიანი“ შეკითხვის გამო ჟურნალისტი დატუქსა.
-ენდობით თუ არა IRI-ის კვლევებს და, ზოგადად, უნდა ტარდებოდეს თუ არა ასეთი კვლევები?
-კვლევებს არ ვენდობი, მით უმეტეს, IRI-სას. მაგრამ რად გვინდა IRI ? მთავრობის მიმართ ნდობა რომ ეცემა, აქმდე უცნობი იყო? სერგეენკო რომ რეიტინგულია, ხალხმა განა არ იცის? მარგველაშვილს ტლინკები რომ არ ეყარა, 62% კი არა, 2%-ც არ ექნებოდა. (რადგან ის მმართველ უნდს არ უყვარს, ამიტომ უყვარს ხალხს).
ირაკლი ალასანია ადრე ძალიან პოპულარული მინისტრი იყო. თანამედროვეა, შესახედავად კარგია, კარგად ლაპარაკობს და ქალებს მოსწონთ. რა თქმა უნდა, რომ მსუქან ხადურს ურჩევნიათ? დღეს, მარგველაშვილის მსგავსად, დაჩაგრულის როლშია, რაც უფრო რეიტინგულს ხდის.
ღარიბაშვილი პოპულარული ვერ იქნება, რადგან საქართველოსთანა ღატაკ ქვეყანაში ყველა მკვდარ კატას ქვეყნის მეთაურს ჰკიდებენ ხოლმე კისერზე, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა ის. ისე, თავის დაბალრეიტინგიანობაში თვითონ ღარიბაშვილია დამნაშავე, რადგან ის ყოველთვის თვითკმაყოფილი სახით დადის მაშინ, როცა მშიერმა მოსახლეობამ იცის ნეპოტიზმის ამბავი პრემიერის მთავრობაში.
ბურჯანაძის 10%-იანი ნიშნულიდან 5%-ზე გადანაცვლებისა და მასთან შედარებით “ლეიბორისტული პარტიის“ უპირატესობის არ მჯერა.
ესაუბრა ია ჯღარკავა