საქართველოში ქალთა პოლიტიკური გააქტიურება დღის წესრიგში რომ დადგა, ამაზე „ივერიონი“ კარგა ხნის წინ წერდა.
იმასაც ვწერდით, რომ მივესალმებით ქალების პოლიტიკით დაინტერესებას, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს და მითუმეტეს, მამაკაცების ხელოვნურად ჩაჩოჩების ხარჯზე არ უნდა მოხდესს.
იმასაც ვწერდით, რომ ეს „ნოვაცია“ (ანუ ქალების მასობრივად პოლიტიკაში ჩართვა) ქართულ წიაღში არ აღმოცენებულა და მას უფრო ღრმა ფესვები აქვს შორს მიმავალი შედეგებით...
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ თემას ყოფილი ექსპრემიერი, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და „ორივე ხელების აწევით“ ქართველ ქალბატონებს პირადად დახმარება აღუთქვა.
ბატონმა ბიძინამ წინადადება შემოიტანა, დანერგოს „ქალების პოლიტიკაში ჩართულობის კვოტების სისტემა და კანონის დაფუძნებით მოვახერხოთ და ვაიძულოთ საზოგადოება. პირველ ხანებში, ცუდი არ იქნება რომ შეეგუება და შეეჩვევა“.
მომკალით და ვერ გავიგე, რატომ უნდა ვაიძულოთ საზოგადოება ქალების პოლიტიკაში ჩართულობას „შეეგუოს“ და „შეეჩვიოს“ და მითუმეტეს, რატომ უნდა დავაფუძნოთ ეს კანონით საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა კვოტების სისტემის დანერგვა ქალების პოლიტიკაში მასშტაბურად შემოსასვლელად?!
შემოვიდნენ ბატონო, ვინ უშლით, მაგრამ ახალი სუნთქვა და ახალი იდეები შემოიტანონ - დაგვიმტკიცონ, რომ მამაკაცების გონი „დაჭურისებულია“ და გზა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს დავუთმოთ. ოღონდ, არა კვოტებით და არა საზოგადოების იძულების ხარჯზე!
ისე, აქამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოში ქალბატონები შვილების გაჩენის გამო ისჯებოდნენ და მეორე რანგში გადაჰყავდა საზოგადოებას: „შვილებს გვიჩენს ქალბატონი და გამოდის, რომ ამისთვის საზოგადოება სჯის და მეორე რანგში გადაჰყავს. გენდერული საკითხი აქედან იწყება, რომ ჩვენ ეს საკითხი უნდა დავაბალანსოთ“ - ამბობს ბატონი ივანიშვილი.
არა ბატონო ბიძინა, საზოგადოება ქალებს შვილების გაჩენის გამო არ სჯის - ეს მისია მათ უფალმა დააკისრა და მიუხედავად ათასგვარი ანომალიებისა, ამ ტვირთს ისინი ვერ მოიხსნიან! რა ვქნათ, ახლა პოლიტიკაში „ჩართულობის“ გამო შვილების გაჩენაზეც ვათქმევინოთ უარი ქალბატონებს?!
რაც შეეხება გენდერული საკითხის „დაბალანსებას“, ეს ხელოვნური მეთოდი იქნება პოლიტიკოსი ქალების „გამოსაჩეკად“ და მათ სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვი ნამდვილად მეპარება.
ყველაფერი კარგი, მაგრამ საით მივაქანებთ საქართველოს ბატონო ბიძინა? როცა გენდერულ ბალანსზე ამბობთ, ბარემ ისიც დააყოლეთ, რა შედეგის მომტანი იქნება ეს არაბუნებრივი ნახტომი ქვეყნისთვის!!!
ანდრია ლისაშვილი