მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი ხარძიანის ქონების მითვისების საქმეში მისი პარტნიორის გიორგი უდესიანის მონაწილეობაზე საუბრობს და ხარძიანის მიერ მოყოლილ ფაქტებს იხსენებს. როგორც ირაკლი ბათიაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში განაცხადა.
"ის მესაუბრებოდა მთელ ამ სქემაზე და ამ სქემის ორგანიზატორებზე. ის ამ საქმის მთავარ პერსონაჟად გიორგი უდესიანს ასახელებდა. ის ამბობდა, რომ ამ საქმის ორგანიზატორი უდესიანი იყო, რადგან მას ხარძიანისთვის ქონების წართმევა სურდა. მისი დაპატიმრების და მასზე შემდგომ ზეწოლის პროცესში კი სოდი და კუდი იყო ჩართული. მისი ქონების გამოძალვა და გადაფორმება საშინელი ცემისა და მუქარის ქვეშ მოხდა. გია უდესიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. ბესო ხარძიანის სურვილით არ მომხდარა, რომ ისინი პარტნიორები გახდნენ. მან პარტნიორად გახდომის შემდეგ ხარძიანის მთელი ქონების მითვისება მოინდომა. მან ჯერ დააჭერინა იგი, შემდეგ კი სოდისა და კუდის ჩართულობით მას ქონება გამოსძალეს. მე ამ ყველაფერს თვითონ ბესო ხარძიანი მიყვებოდა და მისგან ვიცი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის არა მარტო ქონების დასაბრუნებლად, არამედ დამნაშავეთა სამართლებრივი პასუხისგებისთვის ბრძოლას აპირებდა",- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის თქმით, ხარძიანი ამბობდა, რომ მას სამართლიანობის აღდგენის პროცესში ვიღაც – ვიღაცები ხელს უშლიდნენ. ის ეჭვობდა, რომ ამ პროცესს სწორედ პროკურატურა აჭიანურებდა, რადგან პროკურატურასთან ქურასბედიანს, ვისზეც ხარძიანის კუს ტბის წილი იყო გადაფორმებული, საქმე "მოგვარებული" ჰქონდა.
"ეს ქურასბედიანი, ვისზეც ბესოს წილი გაფორმდა, უდესიანის მეგობარია. ბესომ მითხრა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქურასბედიანმა პროკურატურასთან ჩააწყო, ასე ვთქვათ, საქმე "მოაგვარა" და პრაქტიკულად მისი ქონების დაბრუნების და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის პროცესის ბლოკირება ხდებოდა",- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 28 მარტს, დაახლოებით 13:15 საათზე, მარაბდის ქუჩაზე მოხდა. თავისა და ფეხის არეში დაჭრილი ბიზნესმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.