ივერიონი / დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გამსახურდიას ამ  დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა. 

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მისი ხელმძღვანელობით,1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 

ზვიად გამსახურდია, იყო მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.

1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 წლებში. ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ალიანსმა "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:

• მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, დამფუძნებელი (1990-1993)

• საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" , წევრი (1975-)

• საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1970-1977)

• საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარე (1990-1991)

• საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, თავმჯდომარე (1976-1993)

ბიბლიოგრაფია:

• ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება (ავტორი). – თბილისი, მეცნიერება, 1991. – 356გვ.

• წერილები, ესეები (ავტორი). – თბილისი, ხელოვნება, 1991. – 572გვ.

• საქართველოს სულიერი მისსია (ავტორი). – თბილისი, განათლება, 1990. – 112გვ.

• მთვარის ნიშნობა : ლექსები (ავტორი). – თბილისი, მერანი, 1989. – 85გვ.

 

31-03-2015, 17:05
უკან დაბრუნება