2014 წლის დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენ 2015 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დეკლარაციის წარდგენის პროცედურა გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.
გასული წლის მსგავსად, დეკლარირება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად (შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე), ასევე კომერციული ბანკებისა და შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრების საშუალებით.
ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.
თუ 2014 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ "ხელზე" წლის განმავლობაში აღებული აქვს 4800 ლარი), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის - 20 პროცენტს) თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო.