სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
"საქართველოს პარლამენტის მიერ 30 აპრილს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2014-2020), რომლის მომზადების ინიციატივა სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს დააყენა.
მთავრობის მიერ ასევე დამტკიცდა 2015-2016 წლების შესაბამისი სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურ იმპლემენტაციაზე მეტწილად იქნება დამოკიდებული საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
2014 წლის 2 მაისს მიღებული იქნა კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების ორგანოდ საქართველოს სახალხო დამცველი განისაზღვრა. აღნიშნული კანონის მიღება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობების მიმართ არსებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრას, ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებასა და თანასწორობის მიღწევას.
2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად სახალხო დამცველის აპარატი დაასახელა. ასევე მიღებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 სამთავრობო სამოქმედო გეგმა.
მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოს 2011 წლის "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ხელმოწერა.
მისასალმებელია 2014 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის სფეროში ევროპის საბჭოს "სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" კონვენციაზე საქართველოს შეერთების ფაქტი.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, რომლის მიღებაც 2015 წელს არის დაგეგმილი.
გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ნახსენებია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, - "არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად თბილისში, ისევე როგორც საქართველოს არაერთ რეგიონში მერებისა და გამგებლების ასარჩევად გაიმართა მეორე ტური, რაც დადებითად უნდა შეფასდეს".
ანგარიშში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც სახალხო დამცველმა პარლამენტის მიმართ შეიმუშავა.
"საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს, მსგავსად 2013 წლისა, გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. დადგენილებაში მითითებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში შესაბამისმა უწყებებმა კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე წარუდგინეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.