ივერიონი / სახალხო დამცველი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობას აფასებს

სახალხო დამცველი საგამოძიებო ორგანოების საქმიანობას აფასებს

"საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან" დაკავშირებით", - ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია საუბარი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით შემოფარგლვა შეუძლებელია.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობა იქნება ეფექტური.

საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე; ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიების წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია ასევე, ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე.

"არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიცია, რამდენიმე ორგანიზაცია და ექსპერტი სვამდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე. აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში", - წერია წლიურ ანგარიშში.

1-04-2015, 12:11
უკან დაბრუნება