დღეს სახალხო კაცის - ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა. „ივერიონი“ გთავაზობთ მისი მეგობრისა და თანამოაზრის ელდარ ნადირაძის მოგონებას ჭეშმარიტ პატრიოტზე და ამ მართლაცდა სახალხო კაცზე.
ზურაბ ქაფიანიძისთანა კაცებმა გადაარჩინეს საქართველო. დღესაც, როცა გაუწყდება სასო ჩვენი ქვეყნის გზადაბნეულ შვილს, იმედის თვალს კვლავ მისნაირი კაცისკენ მიაპყრობს. სამწუხაროდ, ცოტანი რჩებიან ასეთი კაცები.
ზურაბ ქაფიანიძეს შეეძლო ეთქვა, რომ მან მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე. ასეთი გაბედულება მხოლოდ ერთეულთა ხვედრია და ამის თქმას ასე იოლად არავის ,,აპატიებენ" ქვეგამხედავი ჩვენებურები, რომ არა მისი დიდი კაცური ღირსებით განვლილი ცხოვრება.
მე არ მინახავს სახალხოდ უფრო საყვარელი კაცი, ვიდრე იყო იგი: ვისაც ოდესმე უცდია, საზოგადოებისა და ხალხის პატივისცემის მოხვეჭა, უთუოდ დამერწმუნება, რომ უაღრესად ძნელია მიაღწიო ამას. იქნებ ნიჭიერიც იყო ადამიანი, იქნებ ძალზე განათლებულიც, იქნებ დიდი ინტელიგენტიც, მაგრამ სიყვარულის მოხვეჭა არცერთ ამ თვისებათაგანს არ შეუძლია _ თუ ყველაფერი ეს ეროვნული დვრიტით არაა შეკავშირებული, ხალხის გულისყური, მისი განაბული სუნთქვა, მუდამ ელოდება ისეთ გმირს, რომელშიც მისი სულია გამოხატული, რომელიც ყოველდღიურად თავისთავში დაატარებს პატარა საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც გვეამაყება და გვენატრება, რომელიც იყო და აღარაა!
ამიტომ უკვირდათ და შეჰხაროდნენ ამ თვისებათა მქონე ზურაბ ქაფიანიძეს შემხვედრი ქართველები: დიდი და პატარა, ქალი და კაცი, შესცქეროდნენ ისეთი განათებული, გაცისკროვნებული თვალებით, თითქოს ამ მართლაც სულითა და გულით ბუმბერაზ კაცში იპოვესო თავისი ნაოცნებარი...
მუდამ მიმაჩნდა და ახლაც, მტკიცედ მწამს, რომ ნიჭიერი კაცის გამორჩევა განგების ნებით ხდება. ზურაბ ქაფიანიძე სწორედ ღვთის ნებით იყო შერჩეული იმ როლისათვის, რომელიც მას ცხოვრებასა და შემოქმედებაში მიეკუთვნა. მან თეატრსა და კინოში ისეთი გულწრფელობითა და რეალიზმით ითამაშა, როგორიც თავად იყო სინამდვილეში.
თუმცა, თეატრის სცენასა და კინოობიექტივის წინაშე ამის გადმოცემას დიდი აქტიორული ნიჭი ესაჭიროებოდა _ ეს კი მას უხვად ჰქონდა ნაბოძები არსთაგამრიგესგან. ამას ვამბობ, და თვალწინ მიდგას გათოკილი ზურაბ ქაფიანიძე _ ზვიადაური, აბულაძის „ვედრებაში", მხარბეჭიანი, მარმარილოს ძლიერი კისრით, თვალგაუტეხელი და შეურიგებელი _ დაუმარცხებელი ვაჟკაცის განსახიერება, რომელიც მოკლეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს, რომელმაც ვაჟკაცურად აღასრულა მამა-პაპათა ანდერძი და გმირი ქართველის წარმოსახვას სრულყოფილად შეასხა ხორცი. ეს სცენა რომ ვაჟა-ფშაველას ენახა...?!
მთელი ცხოვრება შორიდან ვუვლიდი ამ კაცს, ვინ გამაცნობდა, ვინ დამაახლოვებდა, მენატრებოდა სხვებივით მასთან დაჯდომა და მისი თანამეინახეობა. ერთ დღეს ჭორვილაში ჩამოიყვანა ჩემმა ძმამ _ ჯურხამ. გამიკვირდა, აქ რა უნდა-მეთქი და თან გამიხარდა. სანამ პურ-მარილი გაეწყობოდა, ვენახში გადავიდა, შარებს გაერია, მამაჩემს გამოელაპარაკა, ვენახი შეუქო. მამა-შვილივით იგრძნეს ერთმანეთი, სულიერება და მისწრაფება ერთნაირი აღმოაჩნდათ. მერე მარანში შევიდნენ და ისეთი ჭური გაუხსნა მამამ, ჩვენთვის რომ მიუწვდომელი იყო. „შენო, თან დაუმატა, ჩემნაირი ხასიათისა ყოფილხარ, ღვინო გყვარებია და ვენახიც, რახან ზვარში შემოხვედი და ამბავი გამომკითხეო". არც მამაჩემი იყო ნაკლები ვაჟკაცი, ჩვენც მივემატეთ ექვსი ძმა და იმდღევანდელი ქეიფის ამბავს დღესაც ლეგენდასავით ჰყვებიან ჩვენებურები.
მერე იყო და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნიაღვარში მოვყევით ორივენი და თითქმის სამი წელი გვერდიგვერდ ვისხედით ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც. ამ ხნის განმავლობაში რაც ვნახეთ იარასავით დააჩნდა ჩვენს სულებს, რადგან ეს იყო ასპარეზი გამორჩენისა, სადაც ზურაბ ქაფიანიძის ომახიანი სიტყვა საზრდოს ვერ აძლევდა კაცთა მედროვეთა ამა სოფლისათა.
ხალხს კი კიდევ უფრო შეუყვარდა იმ დაურიდებელი პატრიოტიზმისთვის, რომელიც ზურაბ ქაფიანიძისთვის სიცოცხლის წყარო, მისი ცხოვრების წესი იყო, ხოლო ქართული პოლიტიკური „ელიტის" წარმომადგენელთათვის უხერხული თემა. მისი ერთადერთი „უტაქტობა" სამშობლოს სიყვარულის დაურიდებელი, გულგახსნილი დამოკიდებულება იყო და ამას ვერ პატიობდნენ ჩვენებური „მსოფლიო მოქალაქენი". აკი თვითონ ამბობს - „ადამიანებს ისიც კი შურდათ ჩემი, გულწრფელად რომ მიყვარდა"...
ადამიანი, რომელიც ვერ აფასებს თავის თავს, არასდროს არ შედგება ადამიანად. ადამიანი, რომელიც ვერ აფასებს თავის სამშობლოს, არასდროს იქნება ღირსი სამშობლოსი.
ზურაბ ქაფიანიძის სხეული ამ შეგნებით იყო სავსე, ამ სულით იყო გაძლიერებული, ამ უმტკიცესი ლითონის სხეპლებით იყო ნაქსოვი. ამიტომ დააბიჯებდა ასე დიდებითმოსილი მთელი ცხოვრების მანძილზე.
განა თავად უფრო უკეთ არ თქვა: „...აღზრდა მე შვიდიათასი წელიწადია შუმერიდან მომყვება და ასევე ჩამაბარა ბაბუაჩემმა ანთიმო ხიდეშელმა, მამამ _ ვასო ქაფიანიძემ, ჩემმა ღმერთების ქედმა _ კავკასიონმა და ღვთაება მდინარე რიონმა, რომლის ძირში და ჩქერში გავიზარდე. ჩემი თავი ამათ ჩააბარეს საქართველოს და ისეთი უნდა ვიყო, როგორიც ვარ ჩემი სამშობლოს წინაშე".
ელდარ ნადირაძე, პროფესორი