ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობს. განცხადების თანახმად, ფრაქციამ "თავისუფალ დემოკრატებს" პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით 31 მარტს მიმართა, რის პასუხადაც განცხადება გუშინ მიიღეს.
"გზა, რომელიც "თავისუფალმა დემოკრატებმა" ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა, ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ, დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია. ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება პარტია "თავისუფალი დემოკრატებს", მათ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს.
"პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.