ივერიონი / ირაკლი ალასანია: ომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მზადყოფნა ომისთვის!

ირაკლი ალასანია: ომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მზადყოფნა ომისთვის!

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საგანგებო განცხადებას აკეთებს. ალასანიას ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, როგორ დაიდო მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით და რა დააკლდა ქვეყანას, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის მერე არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება:

"ომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მზადყოფნა ომისთვის! შენი მშვიდობის დაცვისთვის! ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებში წინააღმდეგობის გაწევის ნება. ამას სჭირდება თავდაცვითი შესაძლებლობები.

დღევანდელ ბრიფინგზე მინდა შევეხო იმ გარემოებას, რაც თქვენთვის უკვე ცნობილია. მინდა აგიხსნათ, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას, თუკი 2014 წლის 28 ოქტომბერს, როგორც გათვალისწინებული იყო, იქნებოდა თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება. ღრმად მწამს, დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ. დეტალებს დღეს ვერ გავამხელ, თუ რა ტაქტიკური ოპერატიული საშუალებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით. მაგრამ, გეტყვით, რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა, თუკი ეს ყველაფერი საქართველოში განლაგდებოდა. ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა გაკონტროლებული ჩვენს საჰაერო სივრცეში. სრულ კონტროლს ავიღებდით საჰაერო სივრცეზე.

მოგვეცემოდა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, ე.წ. ისკანდერი და სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა ჩვენმა მოწინააღმდეგემ.

როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი და სამხედროებთან ერთად დავიწყე თავდაცვის სტრატეგიაზე ზრუნვა, უნდა შეგვექმნა ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩვენს სახმელეთო ჯარებს, ეფექტურად დაეცვათ ხალხი. ბუნებრივია, საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ, საჰარეო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე. ეს უნარი არ შესწევს ბიუჯეტს. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ამ შეთანხმების არის ის, რომ ეს არ დააწვებოდა საქართველოს ბიუჯეტს. გადახდას ჩვენი ქვეყანა დაიწყებდა მაშინ, როცა სრულად მოხდებოდა საჰაერო თავდაცვის სივრცის მონტაჟი და ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, ყოველ წელიწადს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდებოდა. დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს მოსახლეობისთვის, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად გაქვს ეკონომიკური, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. არავინ ჩადებს დიდძალ ფულს ქვეყანაში, თუ არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუ იცის, რომ ნებისმიერს შეუძლია შემოვიდეს შენს ქვეყანაში და ხელი აფათუროს საშინაო საქმეებში.

ღიად ამ პოლემიკაში დეტალურად ვერ შევალ პრემიერ-მინისტრთან. ამიტომ, ჩვენი პარტია "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში, პარლამენტში შეიტანს შესაბამის მოთხოვნას, შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ჩვენს ქვეყანას, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის მერე არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება. ამის შესწავლის შემდეგ "თავისუფალი დემოკრატები" საზოგადოებას მიმართავენ, რასთან გვაქვს საქმე.

მეორე საკითხი - რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს "კაბელების საქმესთან"? 27 ოქტომბერს, როცა მე ჩავედი საფრანგეთში და მქონდა კოლეგასთან შეხვედრა, ხოლო მეორე დღეს, 28-ში დილით იგეგმებოდა შესაბამის ინდუსტრიებთან ხელმოწერა, დამირეკეს პრემიერის სახელით და მითხრეს, არ მომეწერა შეთანხმებაზე ხელი. არადა, ვაცხადებ ცალსახად,  ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მასთანაც და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან.

ეს ჩემთვის არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ ნიშანი იმისა, რა შესაძლებლობაც გაეხსნა საქართველოს, მრავალწლიანი ემბარგოს მერე, ხელიდან იქნებოდა გაშვებული. ამიტომ მე, როგორც წინასწარ ვიყავი შეთანხმებული მთავრობასთან, მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას და 6 თვის განმავლობაში ველოდებოდი ამ პუნქტებით გათვალისწინებულის რეალიზებას. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის სათავეში. ამიტომ მოვაწერე ხელი შეთანხმებას. ჩამოვედი თბილისში და როცა ვიკითხე, რატომ მოხდა 5 ადამიანის დაკავება, რა თქმა უნდა, ნორმალური პასუხი ვერ მივიღე. ეს არის ის ისტორია, რომელსაც დეტალურად არ ვყვებოდი, რადგან მარტის ბოლომდე ეს მემორანდუმი მოქმედებდა. საზოგადოებას ვპირდები, როგორც კი ჩვენი ხელისუფლების ცვლილება მოხდება მშვიდობიანი არჩევნების გზით, საქართველოს თავდაცვის საკითხი, საჰაერო სუვერენიტეტის დაცვის საკითხი იქნება პრიორიტეტი", - განაცხადა ალასანიამ.


3-04-2015, 13:08
უკან დაბრუნება