ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარე გაოგნებული  და შეშფოთებული ვარ ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო და ვითხოვ ეფექტურ და სასწრაფო გამოძიებას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოვესწარი ახალ უბედურებას ადვოკატებთან მიმართებაში, რაც არის საგანგაშო ფაქტი.  ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ადვოკატს გიორგი მარიამიძეს, რომელმაც თავისი კლიენტისაგან სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარი,  ეს არის კატასტროფა, რომელიც საძირკველშივე უნდა მოისპოს.

საქართველოს სახელმწიფოს მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში.

გაეროს ძირითად პრინციპებში, ადვოკატის როლის შესახებ აღნიშნულია, რომ:

16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა :

ა). შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;

ბ). შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და

ც). თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.

17. როდესაც ადვოკატთა უსაფრთხოებას, მათ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო საფრთხე ემუქრება, ისინი სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ხელისუფლების მიერ.

2013 წლის 11 ნოემბერს ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს, გიორგი მარიამიძეს  და შპს ,,გილს" შორის დაიდო  ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურებაზე. შპს ,,გილის"-დირექტორმა გიორგი გაფრინდაშვილმა  აიღო ვალდებულება ადვოკატების მიერ სასამართლო დავის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში,  გადაეხადა უძრავი ქონების ღირებულების 7,5%-ს თითო ადვოკატზე,  თუ ადვოკატები  მას მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდნენ.

2013 წლის 17 დეკემბერს გიორგი გაფრინდაშვილმა ადვოკატებს  თამილა ქუთათელაძეს და გიორგი მარიამიძეს  გაუფორმა  რწმუნებულება, რითიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გადაიხდიდა უძრავი ქონების ღირებულების 7,5%-ს თითო ადვოკატზე, თუ  ადვოკატები მას მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდნენ.

2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ადვოკატებმა მოიგეს  გიორგი გაფრინდაშვილის სარჩელთან დაკავშირებული დავა, გიორგი გაფრინდაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა სასამართლომ და იგი კვლავ მესაკუთრედ სცნეს აუქციონის გზით გაყიდულ მის 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ვინაიდან შპს "გილის"-დირექტორმა გიორგი გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ადოკატების ჰონორარის გადახდაზე, ადვოკატმა გიორგი მარიამიძემ მიმართა სასამართლოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე ადვოკატმა  ყადაღა დაადო ხსენებულ უძრავ ქონებას და სხვა უძრავ ნივთებსაც.

სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტისთვის საადვოკატო მომსახურეობის თანხა შეადგენდა  90000 (ოთხმოცდაათი ათას) აშშ. დოლარს და სწორედ ეს თანხა მოითხოვა ადვოკატმა გიორგი მარიამიძემ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატ გიორგი მარიამიძის  სარჩელი  ყოვლად გაუმართლებელი მოტივით, ვინაიდან ადვოკატი გიორგი მარიამიძე აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, მას დაუკავშირდა  შპს "გილის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი ვინმე მაკა შარვაძე  და სთხოვა შეხვედრა. ვინაიდან არ მოხდა შეთანხმება, ადვოკატ გიორგი მარიამიძეს და მაკა შარვაძეს შორის  მაკა შარვაძე არაერთგზის დაემუქრა ადვოკატ გიორგი მარიამიძეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ  მაკა შარვაძე  გადაიხდიდა 5000 აშშ დოლარს და თავისუფლად გაასაღებდა ადვოკატს  თუმცა, შემდეგ შეამცირა თანხა და ემუქრებოდა რომ 1000 აშშ დოლარადაც მოაკვლევინებდა ადვოკატ გიორგი მარიამიძეს. მისი მტკიცებით, როგორც ერთი ,,ბამბანერკით" მოაგვარა მოსამართლესთან საქმე და არ დაუკმაყოფილეს სარჩელი, ისე მარტივად მოაგვარებდა ადვოკატის  მკვლელობის საქმესაც.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ მაკა შარვაძისგან წამოსული ადვოკატ გიორგი მარიამიძის სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადვოკატის  მიერ შპს "გილისგან" და გიორგი გაფრინდაშვილისგან სოლიდარულად მოთხოვნილი თანხა საკმაოდ დიდია, ანუ 90000 აშშ დოლარს შეადგენს და ეს საკმარისზე მეტი საფუძველია, რათა ადვოკატს  სიცოცხლე მოუსპონ;

როგორც ადვოკატ  გიორგი მარიამიძის განცხადებიდან ირკვევა, მაკა შარვაძეს პირადი ინტერესი აქვს  ადვოკატ გიორგი მარიამიძის  მიერ დაყადაღებულ მიწასთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება მალე მოიხსნას ყადაღა, რადგანაც მისი მტკიცებით მას უკვე ნაპოვნი ჰყავს ინვესტორი, რომელიც ამ მიწაზე კორპუსს ააშენებს და აქედან მას სოლიდური თანხა დარჩება. ანუ, ფაქტიურად, ადვოკატი უშლის   ხელს მას გამდიდრებაში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვფიქრობ,  რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირდა შეკვეთილი მკვლელობები, რამაც მოსახლეობაში გამოიწვია ფსიქოზი.  ადვოკატ გიორგი მარიამიძის  შემთხვევა  ჰბადებს ეჭვს, რომ ქვეყანაში არსებობს პირთა წრე, რომლებიც თანახმა არიან ფულადი თანხის სანაცვლოდ   ნებისმიერ პიროვნებას მოუსპონ სიცოცხლე.

მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფო და ეფექტურ გამოძიებას." - აცხადებს ხატიაშვილი.

3-04-2015, 13:52
უკან დაბრუნება