საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ 2012 წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი დატოვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დატოვების მიზეზები პრესკონფერენციაზე განმარტეს.
საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. კერძოდ, სამუშაო ფორმატი და ვადები საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" კომისიას სთავაზობდა, მოემზადებინა დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ.
"ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული", - აღნიშნა "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონიამ.
„სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომელიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული”,- ნათქვამია განცხადებაში.