ივერიონი / კახა კალაძე: ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს

კახა კალაძე: ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს

ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორი დღის წინ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი ცერემონიაზე მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.

კალაძის განმარტებით, პირადად მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.

"მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვის შესახებ. რომ მცოდნოდა, ალბათ, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ", - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განცხადა, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო. 

როგორც ჯანელიძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, სამიტის გამო არ ჰქონდა დრო, რომ დაკრძალვას დასწრებოდა.

 

აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების ფრაგმენტები მუხათგვერდის სასაფლაოზე 2 დღის წინ დაკრძალეს.

4-04-2015, 12:34
უკან დაბრუნება