საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, ირაკლი ალასანიას საფრანგეთში მართლა დაურეკა და მემორანდუმზე ხელმოწერის გარკვეული პერიოდით გადადება სთხოვა, ამის მიზეზი კი ირაკლი ალასანიას მიერ პროცედურების დარღვევა გახდა.
"არასდროს გამიკეთებია უარყოფა იმის, რომ ზარი განხორციელდა. არცერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. ამაზე დაიწყო საუბარი ბატონმა ალასანიამ. მისი საქციელი ამ შემთხვევაში არაკორექტულია. ეს ზარი შედგა იმის გამო, რომ მან არ დაიცვა პროცედურები და ამ ზარის განხორციელების ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ბატონ ალასანიას გადაედო გარვეული პერიოდით მემორანდუმზე ხელმოწერა, რათა ჯერ პროცედურები ყოფილიყო დაცული, ხოლო შემდეგ მომხდარიყო ხელმოწერა. საკითხი იყო ცნობილი მთავრობისთვის, მაგრამ საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული, რადგან გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რომელიც ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მან არ გააკეთა და შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საბოლოო წარმოადგენა იმის შესახებ, თუ რის თაობაზე უნდა ეწარმოებინა კონსულტაციები მას საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან. შესაბამისად, პროცედურების დაცვაში ვგულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან. "თავისუფალი დემოკრატები" ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგებოდა კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვისთვის. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ახლაც და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი და ეს წესი და რიგი უნდა დაიცვას ყველა საჯარო მოსამსახურემ. არავინ ყოფილა მემორანდუმის ხელმოწერის წინააღმდეგი, პირიქით, ყველა მოწადინებული იყო, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომ საქართველოს უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა გაუჩნდეს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი ვალდებულია იცოდეს, თუ რაზე აწარმოებს კონსულტაციებს მისი მინისტრი. ეს არის ჩვეულებრივი დადგენილი ნორმა და წესი. ეს იყო მარტივი და გასაგები მოთხოვნა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ჯანელიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.