საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი განცხადებები, "შესაძლებელია, შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს".
ამასთან დაკავშირებით გვენეტაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც გვენეტაძე განცხადებაში განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა, რის კონტექსტშიც ხაზს უსვამს, რომ "კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხელისუფლების, თუნდაც ზემდგომი ინსტანციის ხელმძღვანელთა მიერ გამოთქმული მოსაზრება, ისევე, როგორც სხვა სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს".
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მხარეებს საკუთარი პოზიციების დასაცავად თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და "სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია კანონით დადგენილი პროცედურებითა და წესით".
"გვსურს, შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ სასამართლოსადმი ნდობის მოპოვება შესაძლებელია თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითშეზღუდვისა და სასამართლო გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის საფუძველზე," - ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.
გუშინ ღარიბაშვილმა ცალსახად გამოხატა ამ დავაში ერთი მხარის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მოსამართლე, რომელმაც კომპანიის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, პასუხს აგებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება.