ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს". ამის შესახებ ივანიშვილმა "კვირის 2030"-ში განაცხადა.
"იმით, რომ პრაქტიკულად არაფერზე აგებს პასუხს [პრეზიდენტი], ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ეძლევა იმ მიმართულებით, რომ კაცს ვერაფერს მოსთხოვ, შესაბამისად, ყველა კითხვისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალია და შეუძლია, გამაერთიანებლის როლიც ითამაშოს, არბიტრის როლიც. მის სიტყვას უნდა ჰქონდეს მთავარი ძალა და დატვირთვა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ინსტიტუტი ვერ დაიკვეხნის. მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო _ პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც დაუნიშნა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მარგველაშვილი იმეორებს ოპოზიციის განცხადებებს როგორც საყდრისთან, ისე ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით. "დღესაც ვიწვევ მას პირადად და მის დამცველებს, რას ნიშნავს ეს ყოველივე, რაც ჩამოვთვალე?" – განაცხადა ივანიშვილმა.
თუმცა, მისივე თქმით, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ არსებოსბ კითხვა - რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16 000 კვ/მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6 000 კვ/მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა და ახლა გააკეთა განცხადება ობიექტის პრივატიზაციის შესახებ.
"რას ჰქვია ეს? 10 000 კვ/მ არის ჭარბი მისთვის, მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს _ ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10 000 კვ/მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვადრატის გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია, ამას ემატება კომუნალური ხარჯები 900 000. 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?", - განაცხადა ივანიშვილმა.