„პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მარგველაშვილს აქვს საკამოდ დიდი უფლებამოსილება, რომლის სწორად გამოყენებაა საჭირო და არამხოლოდ ყოველწლიურად პარლამენტში არასწორხაზოვანი მოხსენებების კეთება“.
„მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მსურს დავინახო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მოახერხებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის კონსოლიდაციას. დღეს გაუთავებლად საუბრობენ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე. პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი კონსტიტუციაა“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ათონელის ქუჩაზე არსებული შენობისა და ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზების საკითხს.
„არ მიმაჩნია მართებულად ათონელის ქუჩაზე არსებული შენობის პრივატიზება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ობიექტი დარჩეს სახელმწიფო მფლობელობაში. სადაც უნდა განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო იქნება მისი ადგილმდებარეობისა და კულტურული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ასევე არ უნდა მოხდეს ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზება. საქართველო ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი კავკასიის რეგიონში. ამ შენობაში შესაძლებელია ძალიან დიდი რესურის მობილიზება კულტურული და ინტელექტუალური მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით მარგველაშვილის პოზიციაც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას ,მაგრამ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ამ თემაზე მიმდინარეობს გაუთავებელი დაპირისპირება“ - განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკური ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, იგი თვლის, რომ „ის ვერ შედგა, როგორც პოლიტიკური ლიდერი.“
„თავად გია ხუხაშვილისგან ვერ შედგა პოლიტიკური ექსპერტი. ამას ნამდვილად გეტყვით, ირაკლი ღარიბაშვილს როგორც პრემიერ მინისტრს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ის ინტენსიურად და პროდუქტიულად მუშაობს.ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისა და პიარის თვალსაზრისით არ არის კარგად წარმოდგენილი, რაშიც სერიოზულად მოვიკოჭლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი ძალიან სერიოზულად მუშაობს. ნაკლებად წარმომიდგენია გია ხუხაშვილი შემთხვევაში პრემიერმინისტრი რომ ყოფილიყო, ასე მოქცეულიყო“ - განაცხადა ვოლსკიმ.