პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიის 100 ათას ლარამდე გაზრდის ინიციატივა არა "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მთავრობის ყოფილ მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმოამდგენლის, პავლე კუბლაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიის სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიასთან გათანაბრების თაობაზე კანონპროექტი მთავრობას უკვე მომზადებული აქვს.
"გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ე.წ. ოპონენტის გამოსვლა, თითქოს მათი ინიციატივაა, რომ დაღუპული პოლიციელების სოციალური დახმარება სამხედროებისას გავუთანაბროთ. ეს ადამიანები 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ. 100-ათასლარიანი დახმარება არის ჩვენი ინიციატივა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. სწორედ მის დროს დაენიშნათ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გარდაცვლილ სამხედროებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს 1000-ლარიანი კომპენსაცია. ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტი, რომ მოხდეს დაღუპული სამხედროების სოციალურ გარანტიებთან იმ პოლიციელების დახმარება, რომლებიც დაიღუპნენ ომში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კრიმინალთან ბრძოლაში. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ეს შეიტყვეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენას უახლოეს კვირებში შეძლებს.
"მე ვესაუბრე ზვიად ძიძიგურს, ნოდარ ხადურთანაც არის გავლილი კონსულტაციები და ჩვენ ვართ მზად, რომ კანონპროექტი უახლოეს პერიოდში, ერთ-ორ კვირაში გადავაგზავნოთ პარლამენტში. ნუ ეცდებიან ფარისევლები, რომ მიიწერენ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასდროს. მათ შეეძლოთ ამის გაკეთება და არ გაუკეთებიათ და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.