ივერიონი / სოზარ სუბარი: "ნაციონალური მოძრაობა" ბოდავს!

სოზარ სუბარი: "ნაციონალური მოძრაობა" ბოდავს!

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის  ფართების გადაცემის  საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმული კითხვები მხოლოდ "ბოდვაა, ამის შესახებ, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა  მთავრობის დღევანდელი სხდომის  დაწყებამდე ჟურნალისტებთან თემის კომეტირებისას განაცხადა.


მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს.


"ნაციონალური მოძრაობა" ბოდავს. კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა გაიცეს დევნილებზე სახლები, სწორედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩემმა წინამორბედმა დავით დარახველიძემ შემოიღო. მანამდე ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რას გადაწყვეტდა მინისტრი და კარგად გახსოვთ, როგორ ხდებოდა თბილისში ადამიანების ქუჩაში გამოყრა, სხვაგან გადასახლება. დღეს მსგავსი რამ აღარ მეორდება. თუ კრიტერიუმები აინტერესებთ, შეუძლიათ ნახონ ვებ-გვერდზე. ძალიან მკაფიო კრიტერიუმებია. თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ ვიღაცამ არასწორად შეავსო საბუთი, გადავამოწმებთ", - განაცხადა სუბარმა.


მისი თქმით, დევნილების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადამოწმება "მილიონჯერ ხდება".

"ფართების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით. ამ პროცესში ყოველთვის მონაწილეობს სახალხო დამცველის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და ძალიან ბევრი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სათათბირო ხმის უფლება. შეუძლებელია, იქ რამე არასწორად მოხდეს. არასწორად რაღაც ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები წარმოადგენენ გაყალბებულ საბუთებს, მაგრამ ჩვენ ვამოწმებთ მილიონჯერ თითოეულ საბუთს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი შეიძლება მაინც გაგვეპაროს. თუ ასეთ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მადლობელი ვიქნებით", - განაცხადა სუბარმა.

8-04-2015, 11:33
უკან დაბრუნება