კვიპროსული გამოცემა "ΠΟΛΙΤΗΣ ΤΗΣ ΚΥΡΙΑΚΗΣ"მიმდინარე წლის 29 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის კვიპროსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს ეხმაურება და მასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს სათაურით - "ჩვენ იმედს ვამყარებთ კვიპროსის მხარდაჭერაზე". ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს მიერ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინის კრიზისზე, ასევე, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და საქართველოს მოლოდინებზე საუბრობს.
ინტერვიუს ავტორი საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელს ავლებს და "2008 წლის ომს რუსეთის /უკრაინაში/ აგრესიის მომასწავებლად" მოიაზრებს. იგი ასევე, "რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებასა და ყირიმს შორის მსგავსებაზე" ამახვილებს ყურადღებას. კითხვას "გაიზიარებს თუ არა აფხაზეთი და /სამხრეთ/ ოსეთი ყირიმის ბედს", სახელმწიფო მინისტრი ფართო ჭრილში მიმოიხილავს და რუსეთ-საქართველოს ომის, ყირიმის ანექსიისა და "შეთანხმებების" გაფორმების უკან რუსეთის პოლიტიკას და გეგმას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული არჩევანის ხელის შეშლის მცდელობას ხედავს.
გამოცემის "ΠΟΛΙΤΗΣ ΤΗΣ ΚΥΡΙΑΚΗΣ" ჟურნალისტთან საუბრისას დავით ბაქრაძემ, ასევე, დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების მიმოხილვას. კერძოდ, მან უელსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გაუსვა ხაზი, რომლის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, საქართველოს მიერ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხილვისას, დავით ბაქრაძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესსა და საქართველოს მოლოდინებზე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა რიგის სამიტის გადაწყვეტილებების მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის. კერძოდ, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს პროგრესის დაფიქსირება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლის აღიარების თვალსაჩინო გამოვლინება.
პასუხად, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და რა მხარდაჭერა შეუძლია გამოხატოს კვიპროსის რესპუბლიკამ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საქართველოს მიმართ, სახელმწიფო მინისტრი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ პერსპექტივებზე საუბრობს, რაც ორ ქვეყანას აქვს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის (მათ შორის რელიგიური ტურიზმის) სფეროში კავშირების განვითარების კუთხით. აღნიშნულ კონტექსტში დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა სამუშაო ვიზიტის დროს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობას.